მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა - რომელი კანონების გაუქმებას ითხოვს ვლადიმერ ხუჭუა?
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ მისი განსახილველი რამდენიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება შეაჩერა და კონსტიტუციური წარდგინებებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
მოსამართლე ითხოვს:
ვლადიმერ ხუჭუა ითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნოს "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი შემდეგი ცვლილებები
- სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდებას“;
- ასევე, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევას.
მოსამართლე ფიქრობს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებს.
შევაჩერე ჩემს წარმოებაში მყოფი 4 საქმე - მომავალშიც თუ მსგავსი საქმეები დამეწერება, სასამართლო იმსჯელებს იმ საქმეების შეჩერებაზე: წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, მცირე ოფდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა... ვერ გადაიხდის სახდელს, ჯარიმას მისი სოციალური მდგომარეობიდან, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ მას სასამართლოში მოუწევს განმეორებით წარდგენა აღნიშნული მუხლით ჩადენილი სამართალდარღვევის საქმეზე, სასამართლო ვალდებულია, მას შეუფარდოს მინიმუმ 30-დღიანი პატიმრობა, რაც ვთვლი რომ შეუსაბამოა ადამიანის უფლებებთან" - ამბობს მოსამართლე "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლეის თქმით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებია.
თუ აქ არსებობს საფრთხე, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება, როგორი მოტივით და საბაბითაც არ უნდა იყოს მიღებული ის, სასამართლო ვალდებულია, შესაბამისი გზით მოახდინოს მისი გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში, იმიტომ რომ არ მოხდეს კონკრეტული ადამიანების უფლებების დარღვევა"- დასძენს ვლადიმერ ხუჭუა.
ცნობისთვის:
- "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა და პლენარულ სხდომაზე III მოსმენით მიიღო - ცვლილებებს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, აქციაზე სახის ნიღბით დაფარვისა და გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევები 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.
- "ქართყლმა ოცნებამ" ნარკოპოლიტიკის გამკაცრების კანონი 2 ივლისს მიიღო - ცვლილების მიხედვით, 5 გრამზე მეტი მარიხუანის შეძენა-შენახვა 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ:
- მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ეს ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.