ქიმიური იარაღის გამოყენება საერთაშორისო სამართლის დანაშაულია - თენგო თევზაძე
BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა თენგო თევზაძემ ბრიფინგზე გააკეთა. თევზაძის განცხადებით, მშვიდობიან აქციებზე ქიმიური იარაღის გამოყენება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მძიმე დანაშაულს, და „ამის გამო ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა აუცილებლად დაისჯება“.
9 აპრილის შემდეგ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია არავის. საქართველოს ისტორიაში არცერთ ქართველ ხელისუფალს არ მოუწამლია საკუთარი შვილები და ქართველი ხალხი.
ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდინა წამება და ეს წამება კვალიფიცირდება, როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სამართლით და საერთაშორისო ინსტიტუციებში მას მოუწევს პასუხის გაცემა იმაზე, რაც ჩაიდინა, - განაცხადა მან.
ის მიმართავს ექიმებსაც. მისი თქმით, ნოემბერ–დეკემბერში „ქიმიური იარაღით“ შესაძლო მოწამვლის სიმპტომებით მოქალაქეთა მიმართვიანობაზე მედიკოსების ჩვენებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს დამნაშავეების დასადგენად.
BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.
ექიმის მიერ გამოკითხულ 350 ადამიანში ბევრს 30 დღეზე მეტხანს გაუგრძელდა სიმპტომები, ზოგიერთს კი გულზე ელექტრული გადახრები დაუფიქსირდა.
BBC-სთან ყოფილი პოლიციელებიც ადასტურებენ, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი იყო და დაბანითაც არ ქრებოდა.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქიმიკატის გამოყენება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ნიშნებს შეიცავს და შესაძლოა ქიმიურ იარაღად ჩაითვალოს.