"ოცნება" ტერორისტული მეთოდებით ცდილობს სკამის შენარჩუნებას, საჭიროა საერთაშორისო გამოძიება - ბეჟაშვილი

01.12.25 15:22
"ოცნება" ტერორისტული მეთოდებით ცდილობს სკამის შენარჩუნებას, საჭიროა საერთაშორისო გამოძიება - ბეჟაშვილი

BBC-ის გამოძიების შემდეგ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო ქიმიური ნივთიერების გამოყენება საერთაშორისო გამოძიების საგანი უნდა გახდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ბეჟაშვილი ხელისუფლებას მძიმე დანაშაულში სდებს ბრალს და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას ითხოვს.

ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას და საერთაშორისო ინსტიტუციების ყურადღების მიპყრობას, ვინაიდან ამ ქვეყანაში სამართალდამცავ სისტემას არანაირი ნდობა არ გააჩნია — საზოგადოებამ ცხადად უნდა იცოდეს, რომ ეს ხელისუფლება არის ტერიტორიული რეჟიმი, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, - ამბობს ბეჟაშვილი. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ებრძვის და მათ წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს. 

ყველას კარგად გვახსოვს, ასი ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საპროტესტო დემონსტრაციებში, რაც ბრუტალურად და ძალადობრივად იქნა ჩახშობილი „ქართული ოცნების“ მიერ. ძალადობრივი გზებით ხდებოდა ადამიანების წინააღმდეგ ტექნიკური და ქიმიური საშუალებების გამოყენება… ერთი წლის თავზეც ბევრი მოქალაქე უჩივის იმ სიმპტომებს, რომელიც აღნიშნული მოწამვლის შედეგად გამოვლინდა… ეს არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს… დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ასეთი ტერორისტული მეთოდებით ცდილობს სკამის შენარჩუნებას, - ამბობს პოლიტიკოსი.

ბეჟაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ საჭიროა ნათელი პასუხი, როგორ მოხდა ქიმიური ნივთიერებების შეძენა და ვინ მიიღო გადაწყვეტილება მათი გამოყენების შესახებ.
 

ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, რომელიც გამოიძიებს, როგორ მოხდა აღნიშნული ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებების შესყიდვა. დაიკითხება ყველა სამართალდამცავი უწყება, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა ამ იარაღის გამოყენებასთან, - ამბობს ბეჟაშვილი. 

BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.

ექიმის მიერ გამოკითხულ 350 ადამიანში ბევრს 30 დღეზე მეტხანს გაუგრძელდა სიმპტომები, ზოგიერთს კი გულზე ელექტრული გადახრები დაუფიქსირდა.

BBC-სთან ყოფილი პოლიციელებიც ადასტურებენ, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი იყო და დაბანითაც არ ქრებოდა.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქიმიკატის გამოყენება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ნიშნებს შეიცავს და შესაძლოა ქიმიურ იარაღად ჩაითვალოს.

 

მსგავსი სიახლეები