ვოლსკი BBC-ის სკანდალურ გამოძიებას"ოცნების" წინააღმდეგ „წინასწარ დაგეგმილი შეტევის ნაწილად“ აცხადებს
BBC-ის სკანდალური გამოძიების შემდეგ, "ოცნების" ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საკითხს „სისულელედ და შეთქმულებად“ აფასებენ. გია ვოლსკი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და მას საქართველოს წინააღმდეგ „წინასწარ დაგეგმილი შეტევის ნაწილად“ მიიჩნევს.
ვოლსკის მტკიცებით, ამგვარი სტატიის გამოქვეყნება მიზანმიმართული მცდელობაა, ქართულ სახელმწიფოზე პოლიტიკური ზეწოლა და სერიოზული საერთაშორისო შედეგების პროვოცირება მოხდეს.
ვფიქრობ, ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას - არ გამოვრიცხავ, რომ ეს სტატიაც სწორედ ამ მიზნით არის გამოშვებული.
თავად BBC მიუთითებს, რომ ასეთი იარაღი 1930 წლამდე არსებობდა… ახლა, როცა ეს ექსტრემისტული პროცესები შენელდა, უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე საქართველოში არსებობს ასეთი იარაღი… არც ჯანმრთელობის თემაზე არ მიუმართავს არავინ, რომ მოწამვლის ნიშნები არსებობდეს… არც საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩანს ეს,- ამბობს ვოლსკი.
ვოლსკი აცხადებს, რომ პროფესიონალები ზედამხედველობენ ყველა საკითხს, რაც იარაღის ტიპებსა და მათ შესაძლო გამოყენებას ეხება, ხოლო გავრცელებული ინფორმაცია ქართულ სახელმწიფოზე „კოორდინირებული შეტევის ნაწილია“.
„არსებობს გარკვეული მიმართულება და სტრუქტურა, რომელიც ლამობს, რომ ამ ქსელში ჩაერთოს… ამას ზოგი პროპაგანდისტულს და ძალისმიერ შერეულს, დაგეგმილს, რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას ეძახის… საქართველოს წინააღმდეგ მთელი რიგი სისტემები მუშაობს… ეს სიცრუეა შემადგენელი ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ იმ შეთქმულების, - ამბობს ვოლსკი.
სანქციების შესაძლებლობაზე დასმულ კითხვას ვოლსკი კვლავ იმავე ხაზით პასუხობს. მისი მტკიცებით, სტატია შესაძლოა სპეციალურად იყოს მომზადებული პოლიტიკური ზეწოლის გასაძლიერებლად.
არ გამოვრიცხავ, რომ ეს სტატია ამ მიზნით არის გამოშვებული… თუმცა არანაირი არათუ დამამტკიცებელი საბუთი, არამედ საერთოდ მიახლოება იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს, არ აქვს არც ამ სტატიას და არც სხვა პროპაგანდისტულ შემოტევებს, - ამბობს "ოცნების" ლიდერი.
BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.
ექიმის მიერ გამოკითხულ 350 ადამიანში ბევრს 30 დღეზე მეტხანს გაუგრძელდა სიმპტომები, ზოგიერთს კი გულზე ელექტრული გადახრები დაუფიქსირდა.
BBC-სთან ყოფილი პოლიციელებიც ადასტურებენ, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი იყო და დაბანითაც არ ქრებოდა.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქიმიკატის გამოყენება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ნიშნებს შეიცავს და შესაძლოა ქიმიურ იარაღად ჩაითვალოს.