"ოცნება" BBC -ის სტანდარტს უწუნებს - რით იმართლებენ თავს ივანიშვილის გუნდში
BBC-ის გამოძიებამ, სადაც საუბარია აქციების დროს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლების მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. "ოცნების" ხელისუფლების ნაწილი ბრიტანულ მედიას არასანდოობაში ადანაშაულებს და მისი შეფასებით, გამოძიება რეალურ ფაქტებთან შეუსაბამოა.
თქვენ სად პოულობთ ასეთ ინფორმაციებს? ბიბისის რა რეიტინგიც აქვს, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება. ისწავლეთ, იმეცადინეთ, ამას გეუბნებით ხოლმე. ბიბისის მიმართ რა რეიტინგიც არსებობს და რა ნდობაც, ამერიკის პრეზიდენტს დაესესხეთ და ნახავთ როგორი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს ბიბისის, ეს ერთი და მეორე, ბიბისი იმას არ უკვირდება, ამერიკაში, ეროპის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში როგორ ხდება რადიკალური აქციების დაშლა? ამას არ აშუქებს?, - ამბობს მაჭარაშვილი.
მათიკაშვილი ამ კონტექსტში BBC-ის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს და ბრალდებებს მედიის წარსულ შეცდომებს უკავშირებს. ის ასევე იხსენებს BBC-ის იმ სკანდალს, რომლის შედეგადაც არხის ხელმძღვანელი გადადგა.
სხვათაშორის, ეს ის კომპანიაა, რომლის დირექტორიც და მთავარი ამბების ხელმძღვანელიც გადადა, თუ არ ვცდები და აბა, რატომ გადადგა თუ იცით? შეგიძლიათ, გაიხსენოთ? იმიტომ, რომ ტრამპის მიმართ არასწორი, მცდარი და ტყუილის შემცველი ინფორმაცია გაავრცელა. ამხელა გამოცდილების ტელევიზიამ იმდენი მაინც უნდა შეძლოს, რომ არ ჩაიგდოს თავი ისეთი პოზიციაში, რომ მერე მთელი მსოფლიოს წინაშე მერე ბოდიშების მოხდა, ხელმძღვანელი პირების დატოვება და ნეგატიური კამპანია გამოიწვიოს, - ამბობს მათიკაშვილი.
BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.
ექიმის მიერ გამოკითხულ 350 ადამიანში ბევრს 30 დღეზე მეტხანს გაუგრძელდა სიმპტომები, ზოგიერთს კი გულზე ელექტრული გადახრები დაუფიქსირდა.
BBC-სთან ყოფილი პოლიციელებიც ადასტურებენ, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი იყო და დაბანითაც არ ქრებოდა.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქიმიკატის გამოყენება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ნიშნებს შეიცავს და შესაძლოა ქიმიურ იარაღად ჩაითვალოს.