კადრები ვნახე, ძალიან ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს - სააკაშვილი ელისაშვილის საქმეზე
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ალეკო ელისაშვილის დაკავების ეპიზოდში ჩანს წინასწარ დადგმული სქემის ნიშნები, რაც მისი აზრით, ოპოზიციის წინააღმდეგ „სპექტაკლის“ მოწყობის ტრადიციულ მეთოდებს ჰგავს. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილი ეჭვობს, რომ საქმე შესაძლოა პროვოკაციას უკავშირდებოდეს, სადაც სხვადასხვა როლი უკვე წინასწარ იყო განაწილებული და პროცესს პოლიტიკური მიზნები ახლავს.
ვიღაცას შეიძლება მართლა არ ასვენებს რეიხსტაგის გადამწველი ვან დერ ლიუბეს აჩრდილი. მაშინ ნაცისტებმა დადგეს სპექტაკლი, შეიტყუეს ჰოლანდიელი კომუნისტი ვან დერ ლიუბი დაცვისგან მთლიანად დაცლილ რეიხსტაგში და საშუალება მისცეს, შეუფერხებლად გაეჩინა ცეცხლი. შემდეგ კი ტერორიზმის ბრალდებით დააპატიმრეს უამრავი ოპონენტი, მათ შორის გიორგი დიმიტროვი, ააგორეს რეპრესიების დიდი ტალღა. აქაც იგივე სპექტაკლის სუნი მცემს.
დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სხვაგან მსგავს სიტუაციებში, რეჟიმებს ჰყავთ საპროტესტო მოძრაობაში შემოგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ნებისმიერ საქმეზე არიან წამსვლელი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უტყუარი მტკიცებულებების გარეშე ხელაღებით ვერავის დავადებ ხელს. ასევე შესაძლებელია, რომ ვიღაც სპეციალურად ყურზე აჯდეს ადამიანს და უბიძგებდეს კონკრეტული საქციელისკენ, ესეც სპეცსამსახურების ძალიან გავრცელებული მეთოდია.
კადრები ვნახე და რა ვქნა, ძალიან ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ ჭამს. ისევე როგორც, აღარ ყლაპავს, უკვე 4 ოქტომბრის ღობის გადატრიალებას.
ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვევა და ამასობაში ბრძოლას ვაგრძელებთ, ფართოდ ვშლით და ვამძაფრებთ, - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.