მოწმე: ბაჩიაშვილს ჩემთვის არასდროს უთხოვია წამგებიანი პროექტი მომგებიანად წარმომეჩინა
თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე თანაინვესტირების ფონდის თანამშრომელი, ფინანსური ანალიტიკოსი სოფო ხელაშვილი დაიკითხა. მისი განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილს მისთვის არასდროს უთხოვია წამგებიანი პროექტი მომგებიანად წარმოეჩინა.
სოფო ხელაშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს მისთვის დავალება არასდროს მიუცია.
ამასთან მოწმემ აღნიშნა, რომ როგორც ფინანსისტი არ ფიქრობს, რომ "მტკვარი ჰესის" პროექტი წამგებიანი იყო.
2014 წლიდან დავიწყე ფონდში მუშაობა. ფინანსური ანალიტიკოსი ვიყავი რისკების მიმართულებით, ძირითადი მისია იყო შემოსული პროექტების ფინანსური მოდელების გავლა.
ფინანსური პროგნოზები დოკუმენტირებულად იწერებოდა. "მტკვარი ჰესის" პროექტზე ისევე, როგორც სხვა შემთხევაში ჩემამდე მოდიოდა ფინანსური მოდელი და ვაკეთებდი ამის ტექნიკურ გამართვას. მე დებულებების შინაარსში არ შევდიოდი. 2 საინვესტიციო მემორანდუმი არსებობდა "მტკვარი ჰესის" შემთხვევაში.
შპს "მტკვარი ჰესის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი, თუმცა ფორმალურად, არანაირი საქმიანობა არ განმიხორციელებია. ფონდში საქმიანობის დროს ყველა ფინანსური მოდელი, რაც ჩემთან მოდიოდა, მოგებაზე იყო ორიენტირებული. გიორგი ბაჩიაშვილს ჩემთვის არასდროს უთხოვია წამგებიანი პროექტი მომგებიანად წარმომეჩინა. მას ჩემთვის დავალება არასდროს მოუცია. მე როგორც ფინანსისტი არ ვფიქრობ, რომ ეს პროექტი წამგებიანი იყო," - თქვა სოფო ხელაშვილმა.
პროკურატურა ბაჩიაშვილს სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. ბრალდების ვერსიით, ბაჩიაშვილს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ პროექტი მაღალი რისკის შემცველი იყო, თუმცა ეს რისკები არ გაითვალისწინა, რის გამოც "მტკვარი ჰესს" 100 მილიონი დოლარის ზიანი მიადგა. სწორედ ამ ზიანის გამო ბაჩიაშვილი სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის სარჩელით აღმოჩნდა.
[ფოტო: არქივი]