რეპრესიული კანონები და დემოკრატიული ინსტიტუტების დაშლა - რა გააკეთა "ოცნების" პარლამენტმა ერთ წელში

02.12.25 21:24
რეპრესიული კანონები და დემოკრატიული ინსტიტუტების დაშლა - რა გააკეთა "ოცნების" პარლამენტმა ერთ წელში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი კვლევის მიხედვით, ივანიშვილის მიერ კონტროლირებულ პარლამენტს გასული ერთი წლის განმავლობაში აქვს არალეგიტიმური, ერთპარტიული და კონსტიტუციის ნორმების დამრღვევი მმართველობის ნიშნები. კვლევაზე ექსპერტები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ და მთავარი დასკვნა პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემაა.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა კონსტიტუციის უხეში დარღვევით - სხდომა პრეზიდენტს არ მოუწვევია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირდაპირი კომპეტენციაა. პარლამენტმა ასევე ცნო დეპუტატების უფლებამოსილება მაშინაც, როცა მათი არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის მუშაობა უკიდურესად შეზღუდა. მთელი ერთი წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანო ფაქტობრივად ერთპარტიული იყო. ამ პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა საგამოძიებო კომისია ოპოზიციური პარტიების გაუქმების მიზნით, რამაც საკონსტიტუციო სარჩელს დაუდო საფუძველი.

კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხება რეპრესიულ კანონმდებლობას, რომელიც ერთპარტიული მხარდაჭერით მიიღო პარლამენტმა. საუბარია:

  • „ქართული ფარას“ კანონზე
  • გრანტების შესახებ კანონზე
  • შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე მიმართულ ცვლილებებზე

ორგანიზაციის შეფასებით, ეს პაკეტები მიზნად ისახავდა:

  • დემონსტრანტების დასჯას,
  • პრევენციულად მათი შეშინებას

მათივე ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ცვლილებები, რომლითაც:

  • ჯარიმები 20-ჯერ გაიზარდა,
  • გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა,
  • საკანონმდებლო ინიციატივები უფრო და უფრო რეპრესიული შინაარსისკენ წაიწია.

კვლევის მიხედვით, ივანიშვილის მიერ მართულ პარლამენტს ქვეყანაზე მნიშვნელოვნად დაღმავალი გავლენა ჰქონდა - სამართლებრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი თვალსაზრისით.

ვცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები