სიმსივნური კვანძები, თიაქარი, მაღალი წნევები, თავბრუსხვევა და სისუსტე - რა დაავადებებზე მიუთითებენ დაშავებულები?

03.12.25 20:27
სიმსივნური კვანძები, თიაქარი, მაღალი წნევები, თავბრუსხვევა და სისუსტე - რა დაავადებებზე მიუთითებენ დაშავებულები?

მოქალაქე ნათია თოხვაძე საკუთარი სამედიცინო ისტორიით ამტკიცებს, რომ ის "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მოწამლა.  ახალგაზრდა ქალი სამედიცინო გამოკვლევებს სისტემატურად იტარებს,  ბოლოს კვლევა დარბევების დაწყებამდე, დაახლოებით, სამი კვირით ადრე ჰქონდა ჩატარებული - ანალიზები წესრიგში ჰქონდა, წყლის ჭავლის და გაზის ყლაპვის შემდეგ კი სისხლში მონაცემები შეიცვალა. ის ჯანმრთელობის პრობლემებს ამ დრომდე ებრძვის.

თიაქარი, სიმსივნური კვანძი, ძლიერი ალერგიული ფონი - მომიტინგეები ამბობენ, რომ ამ დაავადებებმა თავი დარბევების შემდეგ იჩინა. ჯანმრთელობის მდგომარების დამძიმების შემდეგ, ექიმმა შესაძლო გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას პაციენტთან არ დამალა, რომ მაპროვოცირებელი შესაძლოა, ქიმიური ნივთიერებით ინტოქსიკაცია ყოფილიყო. 

სიმსივნური წარმონაქმნი აღმოჩინა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. ადვოკატმა ემიგრაციის შემდეგ აღმოაჩინა, რომ თირკმელში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს. საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ მაპროვოცირებული აქციების დარბევის დროს დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლა იყო. 

უწყვეტი პროტესტის მონაწილე ია გაბუნიას მხედველობის პრობლემები შეექმნა - ექიმებს მისი მკურნალობა გაუჭირდათ, რადგან არ იცოდნენ, რითი მოწამლეს რუსთაველის გამზირზე ხალხი.

მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ არა მხოლოდ მომიტინგეები, არამედ პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებიც. ძლიერი კვამლი და ქიმიური პრეპარატების სუნი იდგა პარლამენტის უკან, მიხაი ზიჩის ქუჩაზე - ადგილობრივები გვიყვებიან, რომ სახლებში ყოფნა გაუსაძლისი იყო, რადგან ქუჩებში ხალხის დასარბევად გამოყენებული დაუდგენელი ქიმიური აგენტის სუნი მათ ბინებში აღწევდა.

მოწამვლის მძიმე ეფექტი - ნინო ღვედაშვილი დეტალებით

ფოტო: EPA / დავით მძინარიშვილი

მსგავსი სიახლეები