დაასანქცირეთ ივანიშვილი - საფრანგეთმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

04.12.25 11:42
დაასანქცირეთ ივანიშვილი - საფრანგეთმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საკითხთა კომიტეტზე საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ დეტალური განხილვა გაიმართა. ფრანგი პოლიტიკოსების განცხადებით, ქვეყნის კურსის შეცვლისა და დემოკრატიიდან დიქტატურისკენ გადახვევის გამო "ქართული ოცნების" მარალჩინოსნებმა პასუხი უნდა აგონ. 

განხილვის შემდეგ კომიტეტის მონაწილეებმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭი უყარეს და დაამტკიცეს. 

რეზოლუციაში პოლიტიკოსები საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო თანამოაზრეების მიმართ მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციები დააწესოს, ასევე მოითხოვოს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. 

გთავაზობთ რეზოლუციის ტექსტის ნაწილს:

მოსკოვის იდეოლოგიური და სტრატეგიული გავლენა საქართველოში სულ უფრო ძლიერდება, რაც პოლიტიკური, ეკონომიკური და მედია არხებით ხორციელდება. ეს გავლენა გამოიხატება მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადამწყვეტ როლში, რომლის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სასამართლო საქმეებში ჩარევას ევროპარლამენტი დემოკრატიული განვითარების მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს. ამგვარად, ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, ოპოზიციის რეპრესიები, ისტორიის გადაწერა და მოსკოვის მზარდი გავლენა სისტემურ რყევას ასახავს. ამ სიტუაციის წინაშე, საფრანგეთსა და ევროკავშირზეა დამოკიდებული, იმოქმედონ ნათლად და მტკიცედ დემოკრატიული პრინციპების, ევროპული სუვერენიტეტისა და ევროპული ინტეგრაციის სურვილის მხარდასაჭერად, რომელსაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი გამოხატავს.

გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც მობილიზებული არიან თავიანთი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის.

  • მოვუწოდებთ ევროპულ ინსტიტუტებს, ნებისმიერი გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება პოლიტიკური კრიტერიუმების, კერძოდ, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე იყოს დამოკიდებული;
  • მოვუწოდებთ საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, საჯაროდ დაგმოს უცხოური ჩარევა, განსაკუთრებით რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე;
  • მოვუწოდებთ საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში ნახსენები პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო თანამოაზრეების მიმართ მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების მიღებას, ევროპარლამენტის მოწოდების შესაბამისად და შეერთებული შტატების მიერ უკვე დაწესებული სანქციების შემდეგ;
  • მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, მოითხოვოს ყველა პოლიტიკური პატიმრის, კერძოდ, ოპოზიციის ლიდერებისა და ახალგაზრდა მშვიდობიანი მომიტინგეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რომლებიც დემოკრატიული აქტივიზმისთვის არიან გასამართლებულნი;
  • მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, შეისწავლოს ის გარემოებები, რომელთა გამოც ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა და განიხილოს ამ ჯილდოს გაუქმების საკითხი, მისი ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის მიერ მხარდაჭერილ ღირებულებებს" 

რეზოლუცია საბოლოოდ 17 დეკემბერს, სესიის სხდომაზე განიხილება.

რეზოლუციის სრული ტექსტი იხილეთ აქ: assemblee-nationale.fr 

მსგავსი სიახლეები