რა ნივთიერებით მოწამლეს ხალხი - იწყებს თუ არა "ოცნება" ერთი წლის წინ გამოყენებული ნივთიერების შესწავლას ახლა?
უამრავი კითხვა და არცერთი პასუხი. მეოთხე დღეა ხალხმა ისევ არ იცის, რა გაურიეს წყლის ჭავლში და რა ნივთიერებით მოიწამლნენ.
ალექსანდრე დარახველიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო მაშინაც, როცა სპეცრაზმი აქციას რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლით შლიდა. გასული წლის 30 ნოემბერს მან დაადასტურა, რომ წყალში ქიმიური ნივთიერებები გაურიეს. დარახველიძეს ვკითხეთ, შეეძლო თუ არა დღეს მაინც ეთქვა რა გამოიყენეს ან რატომ მალავს უწყება ამ ინფორმაციას ერთი წელია.
ხელისუფლება დასაბუთების გარეშე თუ მაინც კატეგორიულად მხოლოდ იმას გამორიცხავს, რომ აკრძალული ნივთიერება კამიტი გამოეყენებინა, თუმცა სხვა ნივთიერებებეზე ისევ არაფერს ამბობს. წესით ალექსანდრე დარახველიძემ ამის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს. ის მაღალჩინოსნებს შორის პირველი იყო, ვინც მედიას ღიად უთხრა, რომ სპეცრაზმმა საჭიროება დაინახა და წყალს სხვა ნივთიერება გაურია. თუმცა დღეს იმასაც არ ამბობს იცოდა თუ არა შარშან რაზე საუბრობდა.
ხელისუფლების პასუხები 4 დღის შემდეგ დამატებით კითხვებს აჩენს. თუკი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებიათ და ეს ზუსტად იციან, მაშინ რას იძიებენ და რატომ უჭირთ ინფორმაციის გასაჯაროება. პასუხების მიღება დღეს "პირველებმა" ისევ დარახველიძისგან შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.
დარახველიძის პასუხები დღეს ტოვებდა განცდას, რომ ერთი წლის წინ გამოყენებული ნივთიერების შესწავლას ხელისუფლება ახლა იწყებს. პროცესს ისე წარმოაჩენენ თითქოს არ იცოდნენ რა ფორმით ცდილობდნენ მოქალაქეების დაშლას. ამის შესწავლა კი ამ დრომდეც არაერთხელ მოთხოვეს. სახალხო დამცველმა გომელაურის უწყებას ორჯერ მიმართა და პასუხი ვერცერთხელ მიიღო. ომბუდსმენის აპარატს პასუხები არც დღეს აქვს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.