როცა ამბობ, 2024 წელს “ოცნებამ“ სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ამით ხდება ქვეყნის იმიჯის შელახვა - ჯაფარიძე

05.12.25 18:26
როცა ამბობ, 2024 წელს “ოცნებამ“ სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ამით ხდება ქვეყნის იმიჯის შელახვა - ჯაფარიძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის შეფასებით, ხელისუფლება ვერ ასახელებს, რა ნივთიერება იყო წყლის ჭავლებში, რადგან გამოყენებული ნარევის ზიანი თავად კომბინაციიდან გამომდინარეობს - გამხსნელის, სპრეებისა და აირების ერთობლივი მოქმედება უკვე საფრთხეს ქმნიდა ათასობით ადამიანისთვის. ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერი საპატიმროდან წერს.

მისი თქმით, ამ ტიპის ქიმიკატების მასობრივად გამოყენება პრაქტიკულად ვერანაირ ნორმას დაეყრდნობა, ამიტომ არგუმენტი „აკრძალული არ არის“ რეალური პასუხისმგებლობისგან ვერავის ათავისუფლებს. 

მისივე თქმით. მოსახლეობაზე ქიმიური საშუალებების შესაძლო გამოყენების ბრალდება, პირველ რიგში,  ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ამბობენ რა ნივთიერება იყო გარეული იმ წყალში, არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს რას დაასახელებენ. 
ეგ ნივთიერება კომბინაციაში იმ გამხსნელთან, რომელიც უკვე დაადასტურეს (თავისთავად საწამლავია), კომბინაციაში ე.წ წიწაკის სპრეისთან, კომბინაციაში იმ მხუთავ აირთან, რომელშიც გვახრჩობდნენ, როცა მასში თავიდან ფეხებამდე ამოგავლებენ, როდესაც ის ხვდება თვალში, ცხვირში, ყურში, პირში (კანზე აღარც ღირს ლაპარაკი), როდესაც ეს ხდება რამდენიმე საათის განმავლობაში, როდესაც ეს მეორდება გადაბმულად რამდენიმე ღამე და წლის ორ სეზონზე (გაზაფხული - შემოდგომა), სულ რომ სტაფილოს წვენი ყოფილიყო, მაინც საზიანო იქნებოდა. 
შეუძლებელია იმ კლასიფიკაციის ქვეშ (UN349 მგონი) რამე ნივთიერება იყოს, რომლის გამოყენებაც ასეთი ფორმით და ინტენსივობით იქნება დაშვებული. 
ასევე, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შეშინდნენ ასე, არის ის, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, მორალურად ამართლებს ასეთი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ბევრ ისეთ ფორმას, რაზეც სხვა შემთხვევაში ვიღაცები დაიჭმუჭნებოდნენ (ტაქტიკურად რამდენად სწორია, ეგ სხვა საკითხია). 
მაგალითად, შეიძლება თუ არა ადამიანმა მოგლიჯოს პრეზიდენტის რეზიდენციის ღობე ან ცეცხლი წაუკიდოს ღამით ცარიელ სასამართლოს შენობას, თუ მას გაუყალბეს არჩევნები ან წაართვეს ევროპული მომავალი, და ქიმიური იარაღით თუ დაწამლეს ის, მისი მეგობრები და ოჯახის წევრები? ამაშია საქმე. 
კიდევ ერთი მომენტი, რომ სიტყვებში არ მოგვატყუონ. 
“აკრძალული არ არის” არ ნიშნავს, რომ ამ ნივთიერებით შეიძლება ათობით ათასი ადამიანის ჭავლით გაწუწვა. ალბათ არსად წერია, რომ აკრძალულია ბენზინის ჭავლით დემონსტრაციის დაშლა, რადგან ასეთი რამ შეიძლება აქამდე არავის მოსვლია აზრად. ბენზინიც ისეთივე გამხსნელია, როგორც BBC-ის იმ ფილმში ნაჩვენები გამხსნელი, რომლის გამოყენებაც უკვე დაადასტურა რეჟიმმა. ასევე, თავისუფალ გაყიდვაშია უამრავი ისეთი პროდუქტი, რომელიც შეიძლება სასარგებლოც იყოს თუ დანიშნულებისამებრ გამოიყენებ, მაგრამ შეფუთვაზე აწერია: “არ ჩაიდოთ პირში”, “არ მოგხვდეთ თვალში”, “შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას”, ამიტომ, “აკრძალული არ არის” ცალკე აღებული არ ნიშნავს არაფერს. 
P.S როცა ამბობ, რომ 2008 წელს ომი დაიწყო წინა ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში დამნაშავე გამოდის წინა ხელისუფლება და ეს არანაირად არ ეხება ქვეყნის სამართლებრივ ბრალეულობას ან იმიჯს. 
ხოლო, როცა ამბობ, რომ 2024 წელს ქართულმა ოცნებამ სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ამით ქართულ ოცნებას კი არ ადგება ზიანი, არამედ ხდება ქვეყნის დადანაშაულება საშინელ ქმედებაში და ქვეყნის იმიჯის შელახვა. ეს კი სამშობლოს ღალატია. 
რაშისტული ლოგიკა, - წერს ზურა ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

 

მსგავსი სიახლეები