საერთაშორისო დემოკრატიის კავშირმა საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო - ენმ
საერთაშორისო დემოკრატიის კავშირმა საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო წარდგენილი.
საქართველოში დემოკრატიის ღრმა კრიზისის შესახებ მომზადებული რეზოლუცია 10 პუნქტისგან შედგება, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულება მხოლოდ ახალი საპარლამეტნო არჩევნების ჩატარების შემთხვევაშია შესაძლებელი. რეზოლუცია ასევე გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევებს და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანოებს დაიწყონ გამოძიება, რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს ხალხის წინააღმდეგ.
რას ითხოვს რეზოლუცია:
1. გმობს 2024 წლის 28 ნოემბრიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილე მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას, უკანონო დაკავებას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას;
2. მოუწოდებს შესაბამის საერთაშორისო ორგანოებს, მათ შორის ორგანოზაციას ქიმიური იარაღის აკრძალვისთვის (OPCW), დაიწყონ გამოძიება სპეციალური ძალების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერების (ბრომბენზილ ციანიდის) გამოყენების შესახებ ბოლოდროინდელ ანგარიშების თაობაზე და საერთაშორისო სამართლის წინაშე პასუხისმგებლობა დააკისრონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს;
3. გმობს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის, კრიტიკული ჟურნალისტიკისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის მიზნით სამოქალაქო საზოგადოებაზე, თავისუფალ მედიასა და აკადემიურ დაწესებულებებზე განგრძობად თავდასხმებს;
4. გმობს პოლიტიკური ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების პოლიტიკურ რეპრესიებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს;
5. გმობს ნაბიჯს, აიკრძალოს ოპოზიციური პარტიები იმიტირებული საკონსტიტუციო სასამართლო პროცესის მეშვეობით, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას;
6. მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და 200-ზე მეტი სხვა პოლიტიკური პატიმარი და შეწყვიტოს სასამართლო სისტემის პოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალებად გამოყენება;
7. მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების რეპრესიები და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და ადამიანის ძირითად უფლებებს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას;
8. მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ მიმართული კონსტიტუციური სამართალწარმოება, რაც საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მიღწევების განადგურებისა და ერთპარტიული დიქტატურის განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯია;
9. მოუწოდებს ყველა თანამოაზრე საერთაშორისო პარტნიორს, გამოიყენონ შესაბამისი ინსტრუმენტები, მათ შორის ევროპის საბჭოს GRECO და MONEYVAL, რათა გამოიძიონ საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდების ბოლოდროინდელი გახმაურებული შემთხვევები;
10. მიუთითებს ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებზე, რომლებშიც ხაზგასმულია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი.
დოკუმენტი მომზადებულია:
- 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საბოლოო ანგარიშის გათვალისწინებით,
- საქართველოში დემოკრატიის ღრმა კრიზისის შესახებ ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების გათვალისწინებით, რომლებიც მიღებული იქნა გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდეგ,
- იმის გათვალისწინებით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა 2023 წლის 14-15 დეკემბრის სამიტზე,
- საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის გათვალისწინებით, რომელიც მოითხოვს ყველა შესაძლო ზომის განხორციელებას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად,
- საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი (IDU);