სწორება არაბული ქვეყნების ბაზარზე - ვისთვის და რატომ შენდება კორპუსები?

06.12.25 21:55
სწორება არაბული ქვეყნების ბაზარზე - ვისთვის და რატომ შენდება კორპუსები?

ვისთვის შენდება მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსები, ვინ ყიდულობს ელიტურ კორპუსებში ბინებს, სადაც კვადრატული მეტრი ფართის ფასი 2000 დოლარს აჭარბებს და ვინ დგას სამშენებლო-ფინანსური ნაკადების უკან?! - "საბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებიდან დგინდება, რომ სამშენებლო ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშეები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე გავიდნენ: მშენებარე,  თუ ჯერ კიდევ ასაშენებელი მდიდრული საცხოვრებელი სახლების რეკლამები არაბულ ენებზე ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდება.  

  • საცხოვრებელი კომპლექსი "ქინგ თამარი", სადაც სამშენებლო კომპანია "არქი", გაერთიანებული საემიროებში მცხოვრებლებს არაბულ ენაზე სახლის შეძენას სთავაზობს, თბილისის ცენტრალურ უბანში სახელმწიფოსგან ნაყიდ მიწაზე უნდა აშენდეს. ჯერ მშენებელს მიწა სამშენებლოდაც კი არ მოუმზადებია, თუმცა კომპანიამ ბინების გაყიდვა უკვე დაიწყო და აქ კვადრატული მეტრი ფართის ღირებულება 6000 ლარიდან იწყება.  ტერიტორია საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის კოპანიის, "იბერკომპანის" საკუთრებაა. დედაქალაქის ცენტრალურ უბანში 3526 კვადრატული მეტრი მიწა  სახელისუფლებო პარტიის წევრმა სახელმწიფოსგან 800 ათას ლარად იყიდა. [კვადრატული მეტრი 226 ლარად]. მდიდრულ კომპლექსს "ქართული ოცნების" ყოფილი წევრის, ილია წულაიას სამშენებლო კომპანია ააშენებს. სწორედ ის სთავაზობს გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებს ქონების შეძენას.  

"შაბათის ეთერი" არკვევდა, როგორ გადაიქცა ქართული უძრავი ქონება საექსპორტო პროდუქტად და რატომ გახდა მთავარი სამიზნე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები?!

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის სამშენებლო კომპანიამ სატელევიზიო კომენტარზე უარი თქვა, წერილობით განმარტებაში კი ირწმუნებიან, რომ მათი მომხმარებლების 15 პროცენტი უცხოელია, არაბულენოვანი სეგმენტის წილი კი გაყიდვებში ჯერ მხოლოდ 1 პროცენტია - რეკლამაც არაბულ ენაზე ამიტომ ჩაიწერა.

ოფიციალური მონაცემებით:

  • 2025 წელს თბილისის საცხოვრებელ უბნებში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების პიკი დაფიქსირდა, მხოლოდ ბოლო 9 თვეში ზრდა  16 მთელი 4 მეათედი პროცენტია, გაყიდულია აშენებული კორპუსების 87 პროცენტი. გაიზარდა ბინის ფასი და  გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა ორნახევარ მილიარდს გადააჭარბა. აშენებული ბინების 26 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქემ იყიდა. 

რა მიზნით ყიდულობენ უძრავ ქონებას საქართველოში და ვინ დაიდო ბინა ძვირადღირებულ საცხოვრებელ კომპლექსებში?

  • საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტების მიხედვით, კომპანია "ჰაუს დეველოპმენტის" მიერ  ახლად აშენებული  კორპუსის  35 საცხოვრებელი სახლი არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეს ეკუთვნის. 40-ზე მეტი ბინა ეკუთვნით ვეფხისტყაოსნის ქუჩის 6 ნომერში, ბინებს ფლობენ გივი ჟვანიას ქუჩის 23 ნომერში მდებარე ამ ახლად აშენებულ კორპუსშიც.
  • საქართველოში 150 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენას ერთი წლით ბონუსად მოჰყვება ბინადრობის მოწმობა.

"შაბათის ეთერი" არკვევდა, რა მიზნით აგროვებენ საქართველოში კაპიტალს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსულები?

ექსპერტების თქმით, ქვეყნაში შემოსავლის მთავარი წყარო, რომელზეც "ქართული ოცნება" დგას სამშენებლო ბიზნესია. უძრავი ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავლი ეკონომიკაში ბრუნავს, სამშენებლო ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშეები კი "ქართულ ოცნებასთან" ახლო კავშირში მყოფი პირები არიან.

სპეციალისტები სვამენ კითხვას, ცდილობს თუ არა "ქართული ოცნება" დასავლური ფულის აღმოსავლურით ჩანაცვლებას?!

ეკონომისტებისთვის, ვინც სამშენებლო ბიზნესსაც კარგად იცნობენ და ქვეყანაში ფულის შემოტანის პროცესსაც აკვირდებიან, არაბეთის გაერთიანებულის საემიროებისა და რუსეთის  მოქალაქეების მხრიდან ქართული უძრავი ქონებით დიდი დაინტერესება,  შავი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

  • თუ თბილისში ბოლო 9 თვის განმავლობაშ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების 25 პროცენტი გაიყდია, სამჯერ მეტია ბათუმში გაყიდული ქონების მაჩვენებელი. კომპანია გალტ თაგარტის მონაცემების მიხედვით, გაყიდული უძრავი ქონების 77 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გადაფორმდა.

ეკონომისტები ამბობენ, რომ უცხოური ფულის უძრავ ქონებაში დაბანდება ფინანსური სქემის ნაწილია, რომელიც სამივე მხარეს: მშენებელს , ფულის შემომტანს და საქართველოს ხელისუფლებას აწყობს.  

  • სქემა ასე მუშაობს: მძიმე ეკონომიკურ კრიზისის გამო ქართულ ოცნებას ახლა ინვესტიციები სჭირდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ფული აღარ შემოდის - ახლო აღმოსავლეთიდან შემოტანილი დიდი ფულის წარმომავლობა კი ყურადღებას მიიქცევს, ამიტომ ქართულ ეკონომიკაში ფულის აკუმულირებას ხელისუფლება მცირე ზომის, ძვირადღირებული უძრავი ქონების რეალიზებით ცდლობს. მოგებაშია მშენებელი და მოგებაშია ფულის შემომტანიც, რომელსაც კაპიტალის ლეგალიზება სჭირდება.

კორპუსები არაბებისთვის - მაკა ანდრონიკაშივლის სპეციალური რეპორტაჟი 

მსგავსი სიახლეები