გამოიყენეს თუ არა ტრიქლორეთილენი გამხსნელად აქციების დარბევის დროს - შს მინისტრის მოადგილე კითხვას არ პასუხობს

08.12.25 11:23
გამოიყენეს თუ არა ტრიქლორეთილენი გამხსნელად აქციების დარბევის დროს - შს მინისტრის მოადგილე კითხვას არ პასუხობს

შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამტკიცებს, რომ სუსის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ, რომელიც ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებას ეხებოდა, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

ამის მიუხედავად, დარახველიძე არ განმარტავს, რა ნივთიერებები იქნა გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ. ამბობს მხოლოდ იმას, რომ პოლიცია უფლებამოსილი იყო, მასის დასაშლელად კანონით გათვალისწინებული ნივთიერებები გამოეყენებინა. 

სუსმა ჩაატარა დეტალური და სრულყოფილი გამოძიება, სადაც ყველა კითხვას, რაც BBC-ის ფილმში იყო დასმული, გაეცა პასუხები. რაც შეეხება პოლიციის მხრიდან გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს, მისი გამოყენება ხდება მაშინ, როცა ადგილი აქვს მასობრივი არეულობას, ადგილი აქვს მასობრივ თავდასხმებ პოლიციაზე და სახელმწიფო უწყებებზე. მათ შორის, ჩვენ ვნახეთ წინა წლის მოვლენების დროს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, საქართველოს პარლამენტის გადაწვის მცდელობას, შესაბამისად, პოლიციამ იმოქმედა კანონის შესაბამისად, გამოიყენა ყველა ის სპეციალური საშუალება, რაც კანონით არის გათვალისწინებული, - თქვა დარახველიძემ. 

"პირველების" დამაზუსტებელ კითხვაზე, იყო თუ არა ტრიქლორეთილენი გამოყენებული წინა დღეების განმავლობაში გამხსნელად, შს მინისტრის მოადგილე არ პასუხობს. ჟურნალისტის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, კითხვა ისევ ღია დარჩა.

სუსმა გაასაჯაროა ყველა ის ინფორმაცია, რა კითხვებიც იყო დასმული. აღნიშნულ ნივთიერებებთან დაკავშირებით საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია და შეგიძლიათ, გაეცნოთ. 

ამასთან, დარახველიძე სპეცრაზმის შეირაღების ყოფილი უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, რომელიც ბიბისის ფილმშიც ფიგურირებს და ამბობს, რომ ხალხის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება პირველად 2020 წელს ცესკოსთან იქნა გამოყენებული, სიცრუეს უწოდებს. 

ლაშა შერგელაშვილი აკეთებს არაერთ დაუზუსტებელ ინფორმაციას. სუსმა დაადასტურა, რომ მის მიერ გაკეთებული ინფორმაცია იყო სრული სიყალბე და სიცრუე და მასთან კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები აქვს გამოძიებას, - ამბოსბ დარახველიძე. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

სუსის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ არასამთავრობოები და ოპოზიცია. 

მსგავსი სიახლეები