სათავე არის "დიფ სთეითი" - მაჭარაშვილი ქიმიური ნივთიერების სკანდალზე
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით BBC-ის გამოძიება დეზინფორმაცია იყო. მისი თქმით, აღნიშნული ქვეყანაში პროტესტის მუხტის აწევას ემსახურებოდა.
ამასთან, მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ყველაფერის სათავე ისევ და ისევ "დიფ სთეითია".
საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ეს ყველაფერი იყო დეზინფორმაცია საქართველოში ვითომ, პროტესტის მუხტის ასაწევად. რა თქმა უნდა, ეს თავიდანაც არ გამოუვიდათ, მაგრამ შემდეგ დღეებში მითუმეტეს, როდესაც დადასტურდა, რომ არავის არაფერი მტკიცებულება არ ჰქონდა. ყველა მიხვდა, რომ არანაირი აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე საუბარი არ იყო, მით უფრო, ვერც კი მოძებნეს, რაც არ იყო რას მოძებნიდნენ, ისეთი ადამიანები, რომლებმაც მიმართეს კლინიკებს იმ დღეებში. აქედან გამომდინარე, სუს-ის ბრიფინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ "გლობალური ომის პარტია", თავისი აქაური წარმომადგენლობებით, იბრძვის იმისთვის, რომ როგორმე ხავსს ჩაეჭიდოს. ეს ხავსიც რომ არ არსებობს, მერე იგონებენ ტყუილებს. ეს სამწუხარო იმიტომაც არის, რომ ამ ყველაფრის სათავე არის "დიფ სთეითი"," - განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.
სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.
სუსის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ არასამთავრობოები და ოპოზიცია.