რა გააპროტესტა ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე და ბრალდებულებიდან რომელი არ ესწრება სხდომას?
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯუანშერ ბურჭულაძის პროცესი მიმდინარეობს. თავდაცვის ექს-მინისტრი ტავს დამნაშავედ არ ცნობს.
ელიტური კორუფციის საქმე ერთ წარმოებად გააერთიანეს და სხდომას ასევე ესწრებიან აღნიშნული საქმის ფარგლებში სხვა ბრალდებული პირებიც - მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე. ხოლო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური, რომელიც 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა, პროცესს არ ესწრება.
- არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, სწორედ ვლადიმერ ღუდუშაურმა მისცა ჩვენება ბურჭულაძის წინააღმდეგ, თუმცა ამ ინფორმაციას ამ არ ადასტურებს ექს-მინისტრის ადვოკატი.
დღეს წინასასამართლო სხდომაა, საქმე ჯერ არსებით განხილვაზე არ გადასულა, თუმცა პროკურატურამ სხდომაზე მაინც მოითხოვა, რომ საქმეზე გამოკითხულ მოწმეებს დარბაზი დაეტოვებინათ.
აღნიშნული მოთხოვნა ჯუანშერ ბურჭულაძემ გააპროტესტა, თქვა, რომ ეს არასამართლიანად მიაჩნია, თუმცა მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" ჟურნალისტი იუწყება, თითქმის ნახევარ დარბაზს პროცესი დაატოვებინა.
ჯუანშერ ბურჭულაძე: ზოგი ოჯახის წევრი ვის ჩვენებასაც ვეთანხმებით, ისინი მაინც დარჩნენ.
მოსამართლე: თუ რომელიმე ჩვენებას უდაოდ ცნობთ, ეს უკვე არსებითი განხილვის დროს უნდა დააფიქსიროთ და დაუშვებენ
ჯუანშერ ბურჭულაძე: მხარეებს ჯერ არ გვიმსჯელია იმაზე რომელ მოწმეებს ვცნობთ უდაოდ და არ ვიცოდით თუ დღეს მოითხოვდა აპროკურატურა მათ გაშვებას, გთხოვთ ახლა ნუ აუკრძალავთ
პროკურორი: ბრალდების მხარე ითხოვს არც ერთი მოწმე არ დაესწროს წინასასამართლო სხდომას.
ჯუანშერ ბურჭულაძე: ამას კანონში განმარტება აქვს, რის გამო ეკრძალებათ მოწმეებს დასწრება დღეს ხომ საქმის გარემოებები არ იხილება, რამაც შეიძლება რომ მოწმეზე გავლენა მოახდინოს. კანონს აქვს ლოგიკა ხო?! მე ეს არ მიმაჩნია სამართლიანად.
ბრალდებულების ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვენ.
ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.