ჯუანშერ ბურჭულაძე მოსამართლეს: იკითხეთ, არსებითად რა შეიცვალა - ეს არის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა

08.12.25 13:53
ჯუანშერ ბურჭულაძე მოსამართლეს: იკითხეთ, არსებითად რა შეიცვალა - ეს არის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა

 

 

თქვენ იკითხეთ, არსებითად რა შეიცვალა - და ეს არის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა - ასე მიმართა კორუფციის ბრალდებით დაკავებულმა ექს-მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო დარბაზში მოსამართლე ლევან გელოვანს. 

ყოფილმა მაღალჩნოსანმა ასევე თქვა, რომ მის მიმართ შეფარდებულიაღკვეთი ღონისძიება ყველაზე მკაცრია, ასევე ისაუბრა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, რომელიც მისი მტკიცებით, დაუსაბუთებელია. 

 ბრლადების და დაცვის მხარე შაბლონური განმარტებებით ხელმძღვანელობენ. ბატონო მოსამართლე თქვენ იკითხეთ არსებითად რა შეიცვალა - და ეს არის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამას ვადასტურებ და ეს საჭიროებს ყოველდღიურ რეაბილიტაციას, კერძოდ მასაჟები და ა.შ, რაც ვერ კეთდება პენიტენციურ დაწესებულებაში.

არის სპეციალური დაავადებები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით არ იკურნება, ჩემი პრობლემა ამ კატეგორიას განეკუთვნება. მაგალითად, ერთ-ერთ დაავადებას ესპანეთში ვმკურნალობდი. ასევე მაქვს მორალური პრობლემა, მყავს 8 შვილი, აქედან მცირეწლოვანი შვილი. ესეც გაითვალისწინეთ.

მეორე, არსებითად რა შეიცვალა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ ჩემ მოსაზრებას. აღკვეთის ყველაზე მძიმე ღონისძიება-პატიმრობა ეს შეიძლება შეეხებოდეს ძალადობრივ დანაშაულებს. სწორედ იმას ასაბუთებს დაცვის მხარე, რომ ამ საქმეში არ არის მიზანშეწონილი გამოყენებულ იქნეს ყველაზე მკაცრი ზომა.

მეორე, რაც შეიცვალა, ჩემი აზრით, არის ის, რომ რაც მტკიცებულებების მოპოვება დასრულდა, ვერ გასცდა დაუსაბუთებელ და ირიბ მტკიცებულებებს. ეს არის ზუსტად ის არსებითი გარემოება, რაც შეიცვალა.

აქამდე ბრალდების მხარეს ჰქონდა დრო მოეპოვებინა მტკიცებულებები, რაც შეიძლება მოსამართლისთვის გამხდარიყო საფუძველი მკაცრი ღონისძიების გამოყენებისთვის.

არსებითად შეიცვალა ის, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოიპოვა პირდაპირი მტკიცებულებები. ეს არის ის გარემოებები, რაზეც უნდა იმსჯელოს სასამართლომ”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძის გართულებული ჯანმრთელობის შესახებ პროცესზე მისმა ადვოკატმა, დიმიტრი მხეიძემაც ისაუბრა: 

მას მხრის მყესი აქვს გაწყვეტილი, საზღვარგარეთ მკურნალობდა და სჭირდება სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი, რის გარეშეც მარჯვენა ხელის გამოყენება უკვე უჭირს", - თქვა მხეიძემ. 

რაზეც მოსამართლემ ასეთი პასუხი გასცა: 

აქამდე ვაცხადებდი რომ ამ ხელისუფლების პირობებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია ჯანდაცვის მომსახურებით. გამოდის ასე არ ყოფილა",- განაცხადა ლევან გელოვანმა.

არსებობს გამონაკლისები, ისეთ დაავადებებზე რაც ქვეყანაშიც კი არ იკურნება - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოსამართლის რეპლიკის პასუხად. 

ბრალდებულების ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვეს. კერძოდ ვასილ მხეიძის უფლებადამცველმა 300 ათას ლარიანი გირაოს, უძრავი ქონების უზრუნველყოფით შუამდგომლობა დააყენა

ასევე 300 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა გიორგი ხაინდრავას ადვოკატმა, თქვა რომ ბრალდებული პასპორტს და პირადობასაც ჩააბარდებდა. თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულების აღკვეთი - პატიმრობა ძალაში დატოვა.   

მოსამართლემ, შემდეგი სასამართლო პროცესი 15 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩანიშნა.

  • ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

მსგავსი სიახლეები