ოლიგარქიული გავლენის რისკი საქართველოში - როგორ გაიგო EU-ს ექსპერტების დასკვნა "ოცნებამ"
ევროკავშირის ექსპერტების კვლევა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ოლიგარქიული გავლენების დიდი რისკი არსებობს, "ქართული ოცნება" სათავისოდ თარგმნის. ივანიშვილის გუნდში აღიარებენ, რომ მათ პარტიას სწორედ ივანიშვილი აფინანსებს, თუმცა ეს დაფინანსება "ზომიერი და მოკრძალებულია".
გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ოლიგარქიული მმართველობა ქვეყანაში არ არსებობს, რაც აშკარაა ევროპის რიგ ქვეყნებში.
მმართველი პარტიის დაფინანსება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არის ზომიერი და განაპირობებს ამ პარტიის არსებობას პოლიტიკურ ველზე და საკმაოდ სერიოზული დაფინანსება აქვს ამ პარტიის ოპოზიციონერებსაც. მაგრამ, გავიხსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ პარტიასთნ ურთიერთობის გარდა უშველებელ პროექტებს ახორციელებს, რომელიც მთელ ქვეყანას სჭირდება. ოლიგარქიული მმართველობა ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩრდილოვანი მმართელობით ხორციელდება ხელისუფლების ხელში ჩაგდება ამ ფულადი რესურსების გამოყენებით. მე არ ვიცი საფრთხეს ვინ ხედავს, მაგრამ ფაქტია, რომ კვლევები აჩვენებს, რომ ოლიგარქიული მმართველობის მაჩვენებელი საქართველოში არის აბსოლუტურად განსხვავებული იმისგან, რაც გვაქვს მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში, - ამბობს ვოლსკი.
"ოცნების" დეპუტატი ვარლამ ლიპარტელიანი კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ "ივანიშვილი ქვეყნის გადამრჩენელია".
ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს გადამრჩენელი, - ამბობს ვარლამ ლიპარტელიანი.
ირაკლი ზარქუა კი კვლევების უკუღმა წაკითხვის პრობლემას სხვებში ხედავს.
სულ მაინტერესებს, ამ კვლევებს უკუღმა რატომ კითხულობთ თქვენ?, - ამბობს ზარქუა.
ზარქუას მსგავსად, ლადო ბოჟაძეც ამტკიცებს, რომ კვლევაში საქართველოს წინსვლაა ასახული.
ამ საფრთხის მიუხედავად, რომ ადამიანი არის ძალიან მდიდარი, საქართველოს ამ კვლევაში აქვს წინსვლა და ყოველწლიურად ამის გაუმჯობესება გვაქვს. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს საფრთხე არ არის ჩვენთვის. შეიძლება, ფული ბევრი ჰქონდეს, მაგრამ 60 ათას ლარზე მეტს ვერავინ შესწირვას პარტიას, - ამბობს ლადო ბოჟაძე.
ევროკავშირსა და კანდიდატ ქვეყნებში კორუფციისა და ოლიგარქიის რისკების შესახებ ახალი ანგარიში, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრმა მოამზადა, საქართველოს ოლიგარქიული გავლენის მიმართ მოწყვლად ქვეყნად ასახელებს.
დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მხოლოდ ორი მილიარდერია, მათი საერთო ქონება ქვეყნის მშპ-ის 10%-ზე მეტს შეადგენს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ამ ორი უმდიდრესი პირიდან ერთი მმართველი პოლიტიკური პარტიის სპონსორია, რაც ოლიგარქიული გავლენის რისკს ზრდის.