ქვეყანა ივანიშვილის ერთპიროვნული გავლენის მძევალია - ოპოზიცია ევროკავშირის ექსპერტების დასკვნაზე

08.12.25 16:01
ქვეყანა ივანიშვილის ერთპიროვნული გავლენის მძევალია - ოპოზიცია ევროკავშირის ექსპერტების დასკვნაზე

საქართველოში ოლიგარქიული მმართველობის მაღალი რისკის შესახებ ევროკავშირის ექსპერტების დასკვნას ოპოზიცია სრულად ეთანხმება და ხაზს უსვამს, რომ დოკუმენტში აღწერილი საფრთხეები ზუსტად ასახავს რეალობას, სადაც ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საჯარო ინსტიტუციური სივრცე ერთპიროვნული გავლენის ქვეშაა მოქცეული.

ოპოზიციური ლიდერები ამბობენ, რომ ევროკავშირის შეფასება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს ბერკეტები მიტაცებული აქვს ერთ პიროვნებას - ბიძინა ივანიშვილს, რომლის ჩრდილოვანი მმართველობა ქვეყნის უსაფრთხოებასა და დასავლურ ინტეგრაციაზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს.

ივანიშვილის მიტაცებულ ქვეყანაში არსებობს ნამდვილად შავი უფსკრულები, თუნდაც ოფშორების შესახებ კანონი, საიდანაც მან 400 მლნ-ი მოპარა ქვეყანას. ასევე, არსებობს ძალიან სერიოზულად ფულის გათეთრების საფრთხე. ამიტომ საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ივანიშვილის გამო არ მონაწილეობს მშვიდობის ალიანსში და მონაწილეობს მხოლოდ ომის რეჟიმში. ამიტომ არის, რომ ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული მმართველობა, რუსული მმართველობა ქვეყანას ძვირი დაუჯდა და კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თამაზ დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ საფრთხე საჯარო ინსტიტუციების განადგურებაში, განათლების სისტემაში ჩარევასა და დემოკრატიული კონტროლის გაქრობაში ჩანს. 

ჩემი გადმოსახედიდან ამ ქვეყანაში საჯარო ინსტიტუციები და ხელისუფლება არის მიტაცებული ისეთი ოლიგარქის მიერ, რომელსაც დღეს არ აქვს არავითარი საჯარო, ოფიციალური, პოლიტიკური თანამდებობა და რომელიც წყვეტს დღეს საქართველოს მომავალს, მათ შორის, თქვენი და ჩემი შვილების მომავალს. აი, ამ წუთებშიც წყვიტავს განათლების სისტემაში დამღუპველი რეფორმების შემოტანით, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმას, რომ ოლიგარქიული გავლენის შემცირებაზე დღეისთვის გავრცელებული თეზისი ივანიშვილის პარტიის პროპაგანდისტული მცდელობაა და რეალობასთან კავშირი არ აქვს. 

ის, რომ დღეს თითქოს საქართველოში ოლიგარქის გავლენა მმართველობაზე არის შემცირებული, ეს არის სასაცილო, ვინაიდან ერთადერთი მმართველი, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, არის ბიძინა ივანიშვილი. ხოლო, რაც შეეხება კორუფციის ნაწილს, საქართველოში 2 მლრდ ლარამდე ფული, "ქართული ოცნების" გამოძიებითვე, არის მოპარული და მითვისებული.  საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ინდექსები გაავრცელონ და პროპაგანდამ გამოიყენოს მათ ინსტრუმენტად, ერთი არის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ოლიგარქი ამ ქვეყანაში, - ამბობს თენგო თევზაძე. 

ევროკავშირსა და კანდიდატ ქვეყნებში კორუფციისა და ოლიგარქიის რისკების შესახებ ახალი ანგარიში, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრმა მოამზადა, საქართველოს ოლიგარქიული გავლენის მიმართ მოწყვლად ქვეყნად ასახელებს.

დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მხოლოდ ორი მილიარდერია, მათი საერთო ქონება ქვეყნის მშპ-ის 10%-ზე მეტს შეადგენს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ამ ორი უმდიდრესი პირიდან ერთი მმართველი პოლიტიკური პარტიის სპონსორია, რაც ოლიგარქიული გავლენის რისკს ზრდის.

 

მსგავსი სიახლეები