მოვუწოდებ "ოცნებას", რეალურად დაადგინოს, რა ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა და გამოძიებაში ჩართოს საერთაშორისო ექსპერტების -"ძლიერი საქართველო"
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ აჩენს დამატებით კითხვებს, რეალურად დაადგინოს, საქართველოს მოქალაქეებმა ჯანმრთელობის რა ზიანი მიიღეს - კოალიცია "ძლიერი საქართველო" სუს-ში მიმდინარე გამოძიების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას მოითხოვს.
თაზო დათუნაშვილმის თქმით, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ მსგავსი გამოძიებები ღია უნდა იყოს.
ვარაუდებმა საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გამოიწვია. 1 კვირის განმავლობაში, იმის მაგივრად, რომ პროცესი წასულიყო წინ, დასმულ კითხვებზე გაცემულიყო პასუხები, პირიქით, ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია, რომ ქართულ საზოგადოებას კიდევ დამატებითი კითხვა გაუჩნდეს, მეტი ბუნდოვანება შემოვიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ექსტრემალური ტემპებით ჩქარა გვაჩვენოს, რომ ეს საკითხი დეტალურად გამოიძია, იმ ბრიფინგმა, რომელიც გაიმართა სუს-ში და დააანონსა ე.წ. გამოძიების დასრულება, ამან კიდევ მეტი კითხვის ნიშანი გამოიწვია საზოგადოებაში.
ახლა არ აქვს მნიშვნელობა ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებას, საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას, იმას, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა გამოიყენა ისეთი ქმედებები მიტინგის დასაშლელად, რომლის გამოყენებაც უბრალოდ არაადამიანურია. ამ კრიზისიდან გამოსავალია პროცესის ღიაობა, სადაც უნდა დადგინდეს, რა პროცედურები იყო განხორციელებული, შეიძლებოდა თუ არა წყლის ჭავლში რაიმე მინარევის გაკეთება, ეს მინარევი მაღალი ტოქსიკურობის იყო თუ არა. ამ კითხვებს პასუხი გაეცემა იმ შემთხვევაში, თუ მთელი პროცესი ღია იქნება. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ ასეთ გამოძიებები ღია უნდა იყოს.
მეორე, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ნდობა არსებობდეს პროცესისადმი, ამ პროცესში უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, კონკრეტულად ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართვა, რომლის კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოც საქართველო არის და რომლის კონვენციის დარღვევა, შესაძლოა, გამოვლინდეს სრულფასოვანი გამოძიების შემთხვევაში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ აჩენს დამატებით კითხვებს ამ საკითხში“,- აღნიშნა დათუნაშვილმა.
სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.
სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.