სკანდალი: სად არის მყინვარების რისკის შეფასების კვლევა

08.12.25 21:16
სკანდალი: სად არის მყინვარების რისკის შეფასების კვლევა

სად არის მყინვარების რისკის შეფასების კვლევა? - გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს პასუხი არ აქვს. ზურაბ ეზუგბაიას განმარტებები ცხადყოფს, რომ დოკუმენტი, რომლის მოსამზადებლად სახელმწიფომ 4 მილიონამდე ლარი გადაიხადა და დოკუმენტის გადაგზავნის ვადა 15 ნოემბერს იყო, გარემოს დაცვის სამინისტროს ჯერ არ ჩაბარებია.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვის სტიქიის შემდეგ საქართველოში მყინვარული ხეობების შესწავლა გადაწყვიტა - ბიუჯეტიდან 4 მილიონამდე ლარი გამოიყო, დაიქირავეს შვეიცარული კომპანია GEOTEST AG. კვლევა ორ ეტაპიანი იყო - პირველ ეტაპზე უნდა დათვალიერებულიყო მყინვარული ხეობები, მწვავე წერტილები მონიშნულიყო, მეორე ეტაპზე კი მოსალოდნელი ბუნებრივი საფრთხეების დეტალური შეფასება და პრევენციის რეკომენდაციები უნდა გაცემულიყო. არცერთი დოკუმენტი გარემოს ეროვნულ სააგენტოს არ გამოუქვეყნებია.

დოკუმენტების ნაწილი მოიპოვა მედიაგამოცემა "კაქტუსმა" - ირკვევა, რომ საფრთხის შემცველი 4 მუნიციპალიტეტი გამოიკვეთა - ონი, მესტია, ახმეტა და ყაზბეგი -  მყინვარული საფრთხის კერებს ხევსურეთიც დაემატა და ცხელ წერტილებად დასახელებულია 7 კერა -  მათ შორის სტეფანწმინდა, გერგეთი, შოვი, გლოლა, დართლო და ჟაბე. ქვათაცვენა დაწყებულია მესტიის მუნიციპალიტეტში მყინვარ ჭალაადზეც, რომელმაც ფერი შეიცვალა - თეთრის ნაცვლად ახლა მისი სამხრეთი კალთა გამუქებულია - მუქი ფერი კიდევ უფრო ადვილად ისრუტავს მზის სხივებს და აჩქარებს მყინვარის დნობას.

სად არის მოსალოდნელი ღვარცოფი, მეწყერული პროცესების გააქტიურება, კლდეზვავი - ამ ყველაფერზე პასუხი შვეიცარულ კომპანიას უნდა ჰქონდეს - სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით უნდა გაიცეს რეკომენდაცია, სად უნდა დაყენდეს ადრეული შეტყობინებების სისტემა - ასეთი ტექნოლოგია ახლა მხოლოდ ყაზბეგში, დევდორაკის ხეობაშია - არადა, ადრეული შეტყობინების სისტემით შესაძლებელი იქნება, ბუნებრივი პროცესების გააქტიურების მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებების გატარება.

მყინვარული ხეობების შესწავლა და საფრთხის შემცველი კერების გამოკვეთა ორი მიმართულებითაა მნიშვნელოვანი - მიწათსარგებლობისა და განაშენიანების გეგმების შედგენისას - ირკვევა, რომ განვითარების გენერალური ხედვა-გეგმა ამჟამად დამტკიცებული არ აქვს არც მესტიის, არც ონის, არც ყაზბეგისა და არც ახმეტის მუნიციპალიტეტებს - მათ, რომლებიც ცხელ წერტილებში მოხვდნენ.

დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები