ჯარის ძარცვის საქმე - რა თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლოში

08.12.25 20:33
ჯარის ძარცვის საქმე - რა თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლოში

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დღეს საგამოძიებო უწყებას განსასჯელის სკამიდან დაუპირისპირდა. 12-წლიანი მუხლით დაპატიმრებული ღარიბაშვილის კაბინეტის მინისტრი ამტკიცებდა, რომ 3 თვის მანძილზე მის წინააღმდეგ დამაჯერებელი მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს, რის გამოც გირაოთი უნდა გაუშვან.

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი ამბობდა, რომ ბურჭულაძეს მარჯვენა ხელის მოძრაობა უჭირს და სრულფასოვანი რეაბილიტაცია ციხეში შეუძლებელია, თუმცა შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა. ბურჭულაძესთან ერთად პატიმრობაში დატოვეს მისი ყოფილი მოადგილე და ცოლის ძმაც, რომელიც ჯარის ძარცვის საქმეში ბიზნესსა და ჩინოვნიკებს შორის შუამავლადაა დასახელებული.

40-ტომიან საქმეში, ბრალდებულების წინააღმდეგ რამდენიმე ჩვენება დევს. ერთ-ერთია ოქროს მოწმედ დასახელებული ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან წლები თანამშრომლობდა, სწორედ ტუკვაძემ დაუდასტურა პროკურატურას, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს ქრთამს ჩანთით უგზავნიდა, ფულს მისი ცოლის ძმას ატანდა და ეს სქემა შეთანხმებული იყო ღარიბაშვილთან. 

ზურაბ ტუკვაძე სუს-ს დაკითხვის დროს უყვება, რომ ხელოვნურად ზრდიდნენ შესასყიდი პროდუქციის ფასს. თავდაცვის სამინისტრო პროდუქციას ძვირად ყიდულობდა, სანაცვლოდ კი გადარიცხული ფულიდან 10% ქრთამი, ჩანთით იგზავნებოდა მინისტრთან. დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ სუს-თან გარიგდა, რომ ისიც არ დაეჭირათ. 

ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებულების წინააღმდეგ საქმეში კიდევ ერთი შეცვლილი ჩვენება დევს. თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც გამოძიებას კორუფციული სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ყავდა დასახელებული, გირაოთი მას შემდეგ გაუშვეს, რაც ვლადიმერ ღუდუშაურმა გამოძიების ვერსია დაადასტურა და ხელი ბურჭულაძეს დაადო.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები