რა ხდება საქართველოს საზღვარზე - "ოცნება" შესაძლოა ახალ სკანდალში აღმოჩნდეს
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი აზერბაიჯანელი მედია ამტკიცებს, რომ საქართველოში ტვირთს გადამზიდავ აზერბაიჯანელ მძღოლებს ავიწროებენ. სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ჩანს პოლიციელი, რომელიც კაცს ხელს კრავს. კადრებით სამართალდამცველის ამოცნობა მარტივია.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები უკიდურესად არის დაძაბული. უკვე რამდენიმე კვირაა, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ თბილისი სხვადასხვა გზებით უშლის ხელს ბაქოსა და ერევნის სამშვიდობო შეთანხმებას. საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ თამაშობს, თბილისი-ბაქოს მოთმინებას აკარგვინებს - ამ სათაურით სტატია აზერბაიჯანული ონლაინ გამოცემა "მინვალ პოლიტიკა" აქვეყნებს. ალიევის ხელისუფლების კონტროლირებადი მედიასაშუალება წერს, რომ საქართველომ აზერბაიჯანს 400 პროცენტით ძვირი ტარიფი შესთავაზა იმისთვის, რომ დერეფანში, სომხეთისთვის განკუთვნილი საწვავი გაეტარებინა.
რაზე მეტყველებს ეს მონაცემები - სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოსთვის პოლიტიკურად არ არის მომგებიანი აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის გატარება, ამიტომაც ფასი ხელოვნურად გაზარდეს. არადა ამ დერეფნის გახსნით საქართველოს შეეძლო გეოპოლიტიკურად უფრო ძლიერი ქვეყანა გამოჩენილიყო, რადგან მაშინ, როდესაც კავკასიაში რუსული გავლენების შესამცირებლად გზებს ეძებენ ფაქტია საქართველო საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება უკვე კვირებია დუმს. ეკონომიკის სამინისტრომ ბრალდებების საპასუხოდ განცხადება მხოლოდ დღეს გაავრცელა, სადაც დაწერეს რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში დაძრული საწვავის ტვირთს უფასოდ ერთჯერადად გაატარებენ, მაგრამ ამ განცხადებაში არაფერია იმის შესახებ ნათქვამი არის თუ არა სიმართლე, რაც აზერბაიჯანულ მედიაში იწერება, ან როგორი შეიძლება იყოს ტარიფი პირველი გადაზიდვის შემდეგ.