პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი ისევ ვერ გახსნა

09.12.25 11:19
პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი ისევ ვერ გახსნა

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე გამოძიების ვადა ისე ამოიწურა, რომ პროკურატურამ ოპოზიციონერის წინააღმდეგ  ვერც ახალი მტკიცებულებები იპოვა და ვერც მისი მობილური გახსნა - ამის შესახებ "პირველებს" დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა.

დღეს სატელევიზიო ინტერვიუების გამო დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის საქმის არსებითი განხილვა იწყება. საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო განიხილავს. პროცესი საქალაქო სასამართლოში ზუსტად 12:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომას თავად ხაბეიშვილიც დაესწრება. ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სუს-ს თითქმის 4 თვეა იზოლაციაში ჰყავს მოქცეული და სატელეფონო კომუნიკაციასაც კი უკრძალავს.

დღევანდელ სხდომაზე ხაბეიშვილის ადვოკატი სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას მოითხოვს.

ახალი, რაიმე სახის მტკიცებულება, რაც აღკვეთის ღონისძიების შემდეგ ბრალდებამ შეაგროვა, ერთი ფურცელიც კი არ არის დამატებული. აქ საუბარი იყო ტელეფონიდან რაღაც დამატებით მტკიცებულებებზე. მსგავსი რამ ბრალდებას ჩვენთვის არ გადმოუცია. წარუდგინეს გაუგონარი, არარსებული, სამართლებრივ ლოგიკას მოკლებული ბრალდება, ქრთამის საჯარო შეთავაზება. ქრთამის მიცემად რაც არის დაკვალიფიცირებული, არის სრული აბსურდი და მეორე ეპიზოდი მოიცავს ე.წ. მოწოდებას ხელისუფლების დამხობისკენ, სადაც ყველა აღნიშნულ ეპიზოდში ლევანი განმარტავს, რომ საუბარია მოხლოდ და მხოლოდ მშვიდობიან, კონსტიტუციურ ფარგლებში მოქმედებაზე. 

ხაბეიშვილის ბრალდების საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად რაიმე სახის ბრალდებას დაადასტურებს. 

გვექნება შუამდგომლობა, რომ ყველა ის მტკიცებულება იყოს სადაოდ მიჩნეული და ასევე დავაყენებთ შუამდგომლობას სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან მაღალი ალბათობის სტანდარტი არ არსებობს მტკიცებულებისა არ არსებობს, რომ ლევან ხაბეიშვილტან მიმართებაში დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი", - ამბობს გიორგი კონდახაშვილი. 

  • ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს. 

13 სექტემბერს პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი არ გახსნილა და არც ექსპერტიზა ჩატარებულა. მისი თქმით, შესაძლოა, აპარატის დაცვის სისტემის გამო ტელეფონის გახსნა საერთოდ ვერ მოხდეს.  

  • მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლევან ხაბეიშვილი ტელეფონის გახსნა ვერ ხერხდება, სიმართლეს არ  შეესაბამება. 

მსგავსი სიახლეები