ხვედელიანი "ოცნებას": „თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეები ზონდერებს აცემინეთ და არცერთი საქმე არ გამოიძიეთ"

09.12.25 13:43
ხვედელიანი "ოცნებას": „თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეები ზონდერებს აცემინეთ და არცერთი საქმე არ გამოიძიეთ"

გახარიას გუნდის წევრმა ტატა ხვედელიანმა პარლამენტის სესიაზე „ქართულ ოცნებას“ მიმართა და განაცხადა, რომ უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ აქციის დარბევისას ქიმიური ნივთიერების გამოყენება მართლაც მოხდა, რაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

მისი თქმით, აუცილებელია ობიექტური გამოძიება, თუმცა „ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ პროცესს ვერ ენდობიან“, რადგან ის ძალადობრივ პრაქტიკას ეყრდნობა - მშვიდობიანი მოქალაქეების ცემა, ახალგაზრდების დაზიანება, ჟურნალისტებზე თავდასხმები და არასრულწლოვნებისა და ქალების წინააღმდეგ ძალადობა, რომელზეც, ხვედელიანის თქმით, ხელისუფლებას არცერთი პასუხისმგებელი პირი არ გამოუვლენია. 

ნივთიერების გარევა უკვე მოხდა, ანუ დანაშაული ჩადენილია და რა ნივთიერებბა იყო გამოყენებული, ამას გამოძიება სჭირდება. მაგრამ, ჩვენ ვერ ვენდობით თქვენს გამოძიებას და იცით, რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეები ნიღბიან ზონდერებს აცემინეთ, ახალგაზრდები ძვლებში დატეხეთ, ჟურნალისტებს კისერი მოტეხეთ და სასიკვდილოდ გაიმეტეთ და დაკავებულ ადამიანებს დაკავების შემდეგ სცემდით, ახალგაზრზდებს ჯერ სახლებში, ტელეფონზე ურეკავდით და აგინებდით და შემდეგ სადარბაზოებთან ხვდებოდით და სცემდით. არ ინდობდით არც ბავშვებს, არც ქალებს. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც არცერთი მსგავსი ფააქტი არ გამოიძიეთ, ხოლო შსს-ს წარმომადგენლები ხალხის ცემისთვის დააჯილდოვეთ, - თქვა ტატა ხვედელიანმა. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

სუსის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ არასამთავრობოები და ოპოზიცია. 

 

 

მსგავსი სიახლეები