არჩილ გორდულაძე: შსს-ს უნდა უთხრან, რამდენი ადამიანი აპირებს შეკრებას, ვინ არის ორგანიზატორი და ა.შ.
"ქართული ოცნების" წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ივანიშვილის პარტიის მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, პროტესტის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ უნდა აცნობონ კონკრეტულ აქციაზე რამდენი ადამიანი მივა, ვინ არის ორგანიზატორი და რა დროით და რა ადგილზე ჩატარდება.
არჩილ გორდულაძე ამტკიცებს, რომ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები სპეციალური ჯგუფებისა და კონკრეტული ადამიანების კარნახით ორგანიზდებიან და წყვეტენ ვინ რომელ აქციაზე მივიდეს. მისი თქმით, აღნიშნული აქციები სპონტანური არ არის.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შსს-ს უნდა მიმართონ პირებმა, უნდა უთხრან კონკრეტული ადამიანების რაოდენობა, რაც მოქმედ კანონშიც წერია სხვათაშორის, რომ უნდა უთხრან, რომ რამდენი ადამიანი აპირებს შეკრება და მანიფესტაციაში მონაწილეობას, ვინ არის ორგანიზატორი, რა ადგილას იმართება და რა დროით იმართება. ხოლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო იმსჯელებს ამ აქციის, ამ კონკრეტულ დროზე და ადგილზე ჩატარების შემთხვევაში სხვათა უფლებები შეიზღუდება თუ არა.
როდესაც აქცია ერთი წლის განმავლობაში იმართება, ეს თუ ვინმეს სპონტანური გონია, მაშინ ქართულის გაგებასთან გვაქვს პრობლემა. სპონტანური აქცია ნიშნავს, რომ რაღაც მოვლენა მოხდა და შესაბამისად ადამიანები გამოვიდნენ, სპონტანურად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავიანთი აზრი დააფიქსირონ, მაგრამ მაშინ როდესაც არსებობს სპეციალური ჯგუფები, არსებობს სპეციალური ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ კონკრეტულ დღეს თუ ვინ იყოს მისული, რომელ აქციაზე შემდეგ ე.წ. გეგმები აქვთ და მორიგეობებს მართავენ და ერთად განსაზღვრავენ თუ რომელ ადგილზე, რომელ დროს და რა მიმართულებით იარონ, ეს სპონტანური აქცია არ არის. წინასწარ დაორგანიზებული მართული აქცია არ არის სპონტანური აქცია," - ამბობს არჩილ გორდულაძე.
ცნობისთვის, ცვლილებების თანხმად, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, აქციის ჩასატარებლად ნებართვის აღება სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.