კობახიძე: რუსეთისთვის აფხაზეთის გავლით ტვირთებს არ გავატარებთ
ოკუპირებულ სოხუმში, გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. "ქართული ოცნბის" პრემიერის ამტკიცებს, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღიარებაზე საუბარიც კი გამორიცხულია და გავრცელებულ ინფორმაციას „სპეკულაციას“ უწოდებს.
"პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია აქვს "ოცნების" ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტერმინალის შესახებ ცნობებზე, კობახიძემ აღნიშნა:
„ჩვენ არავითარ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, ეს არის სრული სიყალბე. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე ვერ იქნება საუბარი. თქვენ, თავის დროზე, გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და მაშინ იყო ეს შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავაობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაციები, - თქვა მან.
დამატებით კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ საქართველო რუსეთის მიმართულებით ტვირთებს არ გაატარებს, კობახიძემ თქვა:
„გიდასტურებთ, რომ არ გავატარებთ.“
„ეხო კავკაზას“ გავრცელებულ ინფორმაცში ტვირთების გადაზიდვისთვის ენგურის ხიდთან ახალი საბაჟო ტერმინალის ინფრასტრუქტურულ მზაობაზეა საუბარი.
- გამოცემა წერს, რომ ტრანზიტულ-ლოგისტიკური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი ევრაზიული ინტეგრაციის პლატფორმის - "მსოფლიო ხალხთა ასამბლეის" ხელმძღვანელმა ოკუპირებულ აფხაზეთში - ასტამურ ახსალბამ, ადგილობრივ გამოცემასთან, ენგურზე აგებული ახალი ტერმინალის შესახებ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ოკუპირებული სოხუმი ტვირთების ტრანზიტის დასაწყებად „ჰიპოთეტიკურად მზად არის“.