როდის გაიგზავნება ახალი სარჩელები სტრასბურგის სასამართლოში?
როდის გაიგზავნება ახალი სარჩელები სტრასბურგის სასამართლოში? - მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ქართული ოცნების" მიერ ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენების შესახებ საზოგადოება საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ელოდება.
ამ დროისთვის, გავლენიანი ორგანიზაციები დაზარალებული მოქალაქეების ისტორიებს აგროვებენ, რის შემდეგაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავენ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი, ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ თუ ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის ხელმომწერი რომელიმე სახელმწიფო მოისურვებს, რომ ორგანიზაციის წინაშე აღნიშნული საკითხი დააყენოს, მაშინ შესაძლებელია საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს.
იმისათვის, რომ ეს ეჭვები გაქარწყლდეს, ან დადასტურდეს, საჭიროა საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი. ამისთანა მექანიზმი არსებობს ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის საფუძველზე. თუ ამ კონვენციის ხელმომწერი რომელიმე სხვა სახელმწიფო, საქართველოს მეგობარი სახელმწიფოები, ვგულისხმობ ცხადია დემოკრატიული სახელმწიფოები, რომელიმე მათგანი, ერთი ან მეტი, მოისურვებს, რომ დასვას ეს საკითხი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წინაშე, შესაძლებელია ასეთი პროცედურა დაიწყოს და მერე უკვე ამ რეჟიმს მოუწევს რეალურ კითხვებზე რეალური პასუხების გაცემა," - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.
"მართლმსაჯულების სახლის" თავმჯდომარე ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ გამოძიების დაწყების უფლება გაეროს სპეციალურ კომიტეტებს და საერთაშორისო სასამართლოებსაც აქვთ.
ადამიანის უფლებათა სასამართლოც მათ შორის, თუ მოქალაქეები მიმართავენ სათანადო პროცედურის დაცვით ამ სასამართლოს, ისიც უფლებამოსილია განიხილოს, როგორც გამოძიების ჩაუტარებლობის, ანუ სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და მოქალაქეთა მიმართ კონვენციით დაცული სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, გამოხატვის თავისუფლების აკრძალვა, ამ უფლებებით დავა შეუძლიათ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სასამართლოში ჩვენს მოქალაქეებს. გაეროს სპეციალურ კომიტეტებს აქვთ ეს ფორმატი, სხვა საერთაშორისო სასამართლოებსაც აქვთ ეს ფორმატები. ამიტომ ეს საქმე ვერ ჩაიკეტება შიდა სივრცეში," - თქვა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.
სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.