პოლიციის უფროსმა 4 პირს ქურდობა დააბრალა - შსს ვახო თურმანიძის და კიდევ ერთი მაღალჩინოსნის დაკავებას ადასტურებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსის დაკავებას ადასტურებს. გეკა გელაძის უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებულია ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი.
ირკვევა, რომ ორივე მათგანი გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე (სსკ. 332-ე მუხლი) 2 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსმა 4 პირს მისი კერძო საკუთრებიდან, დიდი ოდენობით ხის მასალის ქურდობა დააბრალა.
უწყების ცნობითვე, ვახო თურმანიძემ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, აღნიშნულ პირებს მოსთხოვა აენაზღაურებინათ ზიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით დაემუქრა.
რაც შეეხება დეტექტივების განყოფილების უფროსს, გამოძიების ინფორმაციით, ჯემალ დავითაძე სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“, პირადი სარგებლის მიღების მიზნით საკუთარი კოტეჯების ასაშენებლად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა.
აღნიშნულმა პირებმა მუქარა რეალურად აღიქვეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ ქურდობაში ბრალი არ მიუძღვოდათ, იძულებულნი გახდნენ მისთვის დიდი ოდენობით ხის მასალა მიეტანათ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი აჭარის რეგიონში, სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ზე, პირადი სარგებლის მიღების მიზნით საკუთარი კოტეჯების ასაშენებლად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა, კერძოდ კი მითითებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სამშენებლო და ხე-ტყის მასალის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის, სისტემატურად იყენებდა სამსახურებრივ ავტომანქანებს, აღნიშნულის განხორციელებას კი, თანამდებობრივი ავტორიტეტის ბოროტად გამოყენებით, ავალებდა დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალა.
დამატებითი გარემოებების დადგენისა და სამართლებრივი კვალიფიკაციის დაზუსტების მიზნით საქმეზე გამოძიება გრძელდება"- წერს უწყება.