კობახიძე თურქმენეთს წელს მესამეჯერ სტუმრობს
ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა. ოფიციალური ინფორმაციით, "ქართული ოცნების" პრემიერი მონაწილეობას მიიღებს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.
პროტოკოლის მიხედვით, ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.
ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
- ცნობისთვის, კობახიძე წელს ორჯერ უკვე იმყოფებოდა თურქმენეთში. მისი ოფიციალური ვიზიტი 4-5 მარტს შედგა, რომლის დროსაც იგი შეხვდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს. მან ასევე, მონაწილეობა მიიღო გაეროს მესამე კონფერენციაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების შესახებ, რომელიც თურქმენეთის ქალაქ ავაზაში გაიმართა.