“დარჩეს იქ და თავი დაგვანებოს“ - კობახიძის მესამე ვიზიტი თურქმენეთში

11.12.25 20:48
“დარჩეს იქ და თავი დაგვანებოს“ - კობახიძის მესამე ვიზიტი თურქმენეთში

კობახიძე თურქმენეთს წელს მესამეჯერ სტუმრობს - ოფიციალური ინფორმაციით, "ქართული ოცნების" პრემიერი მონაწილეობას მიიღებს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.

პროტოკოლის მიხედვით, ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“. 

ხვალ თურქმენეთში ვლადიმერ პუტინიც ჩადის. ის მშვიდობის და ნდობის ფორუმის მთავარი სტუმარია.  პუტინთან ერთად აშხაბადში იქნებიან ირანის, პაკისტანის და თურქეთის პრეზიდენტები. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მსგავს ფორმატებზე დასწრებით “ოცნების“ პრემიერი გამორჩეულია და  კობახიძეს ურჩევენ, “თავი დაანებოს საქართველო და დარჩეს თურქმენეთში.“

ირაკლი კობახიძე გამორჩეულია ისეთ ფორმატებზე დასწრებით, როგორიცაა უზღვაო სახელმწიფოთა კონფერენცია, ჰეზბოლას პანაშვიდი, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაცია, ის აგრძელებს ამ ტრადიციას. მე მას ვურჩევდი, რომ დარჩეს თურქმენეთში და დაგვანებოს თავი, - ამბობს გრიგოლ გეგელია.

ეს არის გზავნილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად სახიფათო სპირალშია დღეს “ქართული ოცნება“ - ამბობს ნიკა ფარულავა და მიიჩნევს, რომ “აღნიშნული სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის და სტაბილურობისთვის.“

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება პუტინიც, ეს კი არის გზავნილი, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად სახიფათო სპირალშია დღეს “ქართული ოცნება“ და რამდენად სახიფათოა ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის და სტაბილურობისთვის. შეხსენებისთვის, კიდევ უფრო მკაფიო, რომ იყოს ეს ყველაფერი, მაგალითისთვის, “ოცნება“ არ მიიწვიეს დასავლური სამყაროსთვის უმთავრეს მშვიდობის და უსაფრთხოების სამიტზე, მიუნხენის კონფერენციაზე, პირველად ისტორიაში, თუმცა, მიიწვიეს თურქმენეთში, სადაც წარმოდგენილი იქნება პუტინი, - ამბობს ნიკა ფარულავა.

ოპოზიციისგან განსხვავებით, მნიშვნელოვან ვიზიტად მიიჩნევენ კობახიძის თურქმენეთში წასვლას “ოცნებაში“. ისინი ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ვიზიტები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანას.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის ჩართვაში.

მსგავსი სიახლეები