რა სიგნალია დიქტატორთან გადაღებული ფოტო - ოპოზიციის შეფასება

12.12.25 11:22
 რა სიგნალია დიქტატორთან გადაღებული ფოტო - ოპოზიციის შეფასება

ირაკლი კობახიძის მონაწილეობას თურქმენეთში გამართულ მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო ფორუმში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები "ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ასეთ ღონისძიებაში დასწრებასთან დაკავშირებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის გადახედვის ნიშნად აფასებენ. 

ფორუმში "ოცნების" პრემიერის მონაწილეობას გამოეხმაურა ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე, რომელმაც კობახიძის ეს ნაბიჯი რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგთან თანხვედრად შეაფასა.

"ქართული ოცნების" რეჟიმი ეს არის ომის, ძალადობის და ქაოსის რეჟიმი, იმიტომ, რომ არანაირი აუცილებლობა ამ ფორუმზე დასასწრებად საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლებს, თუ ასეთად შეიძლება, ჩაითვალოს კობახიძე, "ქართული ოცნების" რეჟიმის წარმომადგენელი, არ ჰქონდა. ეს არის ფორუმი, სადაც პუტინმა ძალიან ღიად, საჯაროდ განაცხადა, რომ პრაქტიკულად, ის ქვეყნები, რომლებიც ესწრებიან ფორუმს, უნდა იყვნენ პოლიტიკურად და საერთასორისო ალიანსებისგან ნეიტრალურები. რეჟიმმა, რომელმაც ომი გამოუცხადა საკუთარ მოქალაქეებს, ქართველ ხალხს და ყველას მსოფლიოში, პრაქტიკულად, აღიარებს იმ პოლიტიკურ განაცხადს, რომლითაც პუტინი წარდგა ამ ფორუმზე, - ამბობს დეკანოიძე. 

კრიტიკული შეფასება გააკეთა კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმაც, რომლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მონაწილეობა მსგავს ღონისძიებაში დასავლური კურსიდან გადახვევის პროცესის ნაწილია. 

აბსურდულ ფორუმებში, სადც პუტინი არის, იმ ფორუმს მშიდობის ფორუმი ვერ ერქმევა. ანუ ტერორისტი სახელმწიფო იღებს მონაწილეობას ფორუმში, რომელსაც ჰქვია მშვიდობის ფორუმი. ეს არის ყველაზე დიდი აბსურდი, რაც შეიძლება, მოვისმინოთ დღეს და ამ აბსურდის მონაწილე არის კობახიძე, ვინაიდან "ქართული ოცნება" ცდილობს, დასავლური სტრუქტურები მთლიანად ჩახსნას საქართველოს სამომავლო პერსპექტივაში და მოახდნონ ინტეგრაცია ისეთ ქვეყნებთან, ისეთ სახელმწიფოებთან, სადაც დემოკრატია არ არის ფუნდამენტი, სადაც ადამიანის უფლებები არ წარმოადგენს ფუნდამენტს, ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ პუტინთან ერთად კობახიძე გამოჩნდა ერთ ფოტოზე. კობახიძის პერსონიდან გამომდინარე, ის არავინ არ არის და არაფერს წარმოადგენს პუტინისთვის და შეიძლება არც კი ელაპარაკოს კობახიძეს პუტინი. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც აქს კომუნიკაცია კრემლს, არის ივანიშვილი და მისი ქსელი, კობახიძე წარმოადგენს ერთგვარ მარიონეტს ამ პუტინის რეჟიმის, - ამბობს ბუტიკაშვილი.  

ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ესწრებიან - ვიდეოს რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. 

"ოცნების" პრემიერი თურქმენეთში მაკა ბოჭორიშვილთან და ლევან ჟორჟოლიანთან ერთად გუშინ გაემგზავრა. 

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.

ღონისძიებას, თურქმენეთის, რუსეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთის, საქართველოსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.

 

მსგავსი სიახლეები