არ არის გამორიცხული, გარკვეული ტიპის მოლაპარაკება განხორციელებულიყო დახურულ კარს მიღმა - მელაშვილი კობახიძესა და პუტინზე

12.12.25 11:29
არ არის გამორიცხული, გარკვეული ტიპის მოლაპარაკება განხორციელებულიყო დახურულ კარს მიღმა - მელაშვილი კობახიძესა და პუტინზე

 

 

"ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებლის, გიორგი მელაშვილი ირაკლი კობახიძეს თურქმენეთში გამართულ მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს, სადაც რუსი დიქტატორი, პუტინიც იმყოფება.

ანალიტიოსის შეფასებით, "ოცნების" ხელისუფლების მოქმედებები აჩვენებს დასავლური ინტეგრაციისა და ევროპული ფასეულობებისგან დისტანცირებას და რუსეთის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე ორიენტაციას, რაც უკვე ღიად და დემონსტრაციულად ხდება.

ეს არის ერთგვარი მორიგი სიგნალი საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ რა არის "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, რომ მათ არ აინტერესებთ ევროინტეგრაცია, არ აინტერესებთ ევროპული ფასეულობები. ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, ეს არის რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება, რასაც წარმატებით ახორციელებენ მთელი ამ დროის განმავლობაში. აქამდე ფრთხილობდნენ, ცდილობდნენ, რომ გადაეღოთ უშუალოდ პუტინთან ფოტოსურათები, თუმცა როგორც ჩანს, ახლა თვლიან, რომ დრო არის შესაბამისი და ხდება ნიღბების საბოლოო მოშორება და ჩვენ უკვე კარგად, ნათლად ვხედავთ "ქართული ოცნების" რეალურ, რუსულ სახეს. არანაირად არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული ტიპის მოლაპარაკება განხორციელებულიყო დახურულ კარს მიღმა, - ამბობს გიორგი მელაშვილი.  

ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ესწრებიან - ვიდეოს რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. 

"ოცნების" პრემიერი თურქმენეთში მაკა ბოჭორიშვილთან და ლევან ჟორჟოლიანთან ერთად გუშინ გაემგზავრა. 

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.

ღონისძიებას, თურქმენეთის, რუსეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთის, საქართველოსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.

 

მსგავსი სიახლეები