კობახიძემ აშხაბადის ფორუმზე, პუტინის თანდასწრებით, რუსეთი როგორც ოკუპანტი არ ახსენა
ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გამართულ მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველო მშვიდობას ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს.
"ოცნების" პრემიერმა ფორუმის მნიშვნელობაზე, გლობალური გამოწვევების ფონზე მშვიდობისა და ნდობის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღონისძიების თემატიკა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეხმიანება, მაშინ, როცა ფორუმს ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრება.
კობახიძემ ერთხელ ახსენა ოკუპაცია, თუმცა არაფერი უთქვამს ოკუპანტ ქვეყანაზ - ანუ ვინ არის მისი ქვეყნის დამპყრობელი.
აღსანიშნავია, რომ "ოცნების" პრემიერმა დამსწრეებს ინგლისურ ენაზე მიმართა:
ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან ფორუმში, რომელიც მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს ეძღვნება. ის თურქმენეთის ინიციატივით დააწესა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. გულწრფელ მადლობას ვუხდი თურქმენეთის მთავრობას დიალოგის, თანამშრომლობისა და კონსტრუქციული ჩართულობის ხელშეწყობისადმი ურყევი ერთგულებისთვის, როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე. ჩვენი სესიის თემაა „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“. ის ზედმიწევნით ეხმიანება საქართველოს ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გლობალური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური დაძაბულობით დაწყებული - შეიარაღებული კონფლიქტებით, კლიმატის ცვლილებითა და ეკონომიკური არასტაბილურობით დამთავრებული. ამ კონტექსტში მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ესწრებიან - ვიდეოს რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
"ოცნების" პრემიერი თურქმენეთში მაკა ბოჭორიშვილთან და ლევან ჟორჟოლიანთან ერთად გუშინ გაემგზავრა.
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.
ღონისძიებას, თურქმენეთის, რუსეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთის, საქართველოსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.