რატომ ჩავიდა ფორუმზე, სადაც პუტინიც იმყოფებოდა - რას ამბობს თურქმენეთიდან კობახიძე

12.12.25 15:04
რატომ ჩავიდა ფორუმზე, სადაც პუტინიც იმყოფებოდა - რას ამბობს თურქმენეთიდან კობახიძე

ირაკლი კობახიძე აშხაბადში გამართულ მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობით ხსნის. "ოცნების" პრემიერის მტკიცებით, ის ამ ფორმატს იყენებს როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან - აზერბაიჯანსა და სომხეთთან ურთიერთობების გასაძლიერებლად, იმ ფონზე, როცა ფორუმს ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრება. 

დღეს მონაწილეობა მივიღეთ ფორუმში, რომელიც ეძღვნება თურქმენეთის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30 წლისთავს.  ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ფორმატებში მონაწილეობა.  ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას. დღეს აქ წარმოდგენილია ხუთივე სახელმწიფო ლიდერი. ასევე, აქ არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს. ეს ფორმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს კოლეგებთან ერთად ვისაუბროთ თანმშრომლობის განვითარების თემებზე, - განაცხადა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ესწრებიან. "ოცნების" პრემიერი თურქმენეთში მაკა ბოჭორიშვილთან და ლევან ჟორჟოლიანთან ერთად გუშინ გაემგზავრა. 

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.

 

მსგავსი სიახლეები