სპეციალისტების პროტესტი ერთიან ბაზას - როგორ იმართლებს თავს შსს

12.12.25 15:41
სპეციალისტების პროტესტი ერთიან ბაზას - როგორ იმართლებს თავს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საჭიროებით ამართლებს. შს მინისტრის მოადგილის მტკიცებით, ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა ჯანდაცვის სამინისტროს გამგებლობაში მოხვდება და ის შეეხება მხოლოდ იმ კონკრეტულ დიაგნოზებს, როდესაც, ექსპერტების შეფასებით, იარაღის ფლობა უკუნაჩვენებია.

შსს-ის პოზიციით, ეს მექანიზმი მათ ავალდებულებს, ასეთ შემთხვევებში უარი თქვან იარაღის გაცემაზე ან უკვე გაცემული ნებართვები შეზღუდონ, რათა თავიდან იქნას აცილებული საფრთხე როგორც თავად პირისთვის, ისე მის გარემოცვაში მყოფი მოქალაქეებისთვის. 

ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ერთიანია ბაზის შექმნის შესაძლებლობას ჯანდაცვის სამინისტროს გამგებლობის ქვეშ და იქ განისაზღვრება კონკრეტული დიაგნოზები, როდესაც პირდაპირ ექსპერტების მხრიდან იქნება უკუნაჩვენები იარაღის ფლობა. შესაბამისად, თუკი რომელიმე სამედიცინო დაწესებულება დასვამს მსგავსი ტიპის დიაგნოზს, ამ შემთხვევაში, შსს-ს უჩდება ვალდებულება, ერთის მხრივ, თუკი ასეთი პირი მოითხოვს იარაღის რეგისტრაციას შენახვის ან ტარების უფლებით, არ მისცეს მას იარაღის ფლობის საშუალება, ხოლო თუკი უკვე გაცემული  მაქვს მსგავსი ლიცენზია ან ნებართვა, ამ შემთხვევაში, შეზღუდოს ეს ლიცენზია ან ნებართვა, ამოიღოს ეს იარაღი.

წარმოვიდგინოთ შემთხვევა, როდესაც ადამიანს რეგისტრირებული აქვს რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის, შაშხანები და ლულიანი იარაღი და ა.შ., მაგრამ ამის შემდგომ, როცა დაირეგისტრირა ეს იარაღი, გაუჩნდა ისეთი ფსიქიკური პრობლემა, რა დროსაც, ექსპერტთა შეფასებით, პირდაპირ უკუნაჩვენებია იარაღის ფლობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ რა პასუხი უნდა გავცეთ იმ მოქალაქეებს, ვინც მის სიახლოვეს ცხოვრობენ, ან მის სიახლოვეს არიან, რომ ეს ადამიანი თავისი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ იარაღს არ გამოიყენებს საკუთარი თავის ან სხვა პირების წინააღმდეგ?

საკმაოდ მკაცრი სანქციებია გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, როდესაც არასწორად ხდება მისი დამუშავება. საჯაროდ ეს კანონპროექტი წლის 23 ივნისიდან დევს პარლამენტის ვებ გვერდზე და არავის ეს კანონი არ წაუკითხავს და როცა დასრულდა, მერე გაგახსენდათ ყველას, - ამბობს დარახველიძე. 

შეგახსენებთ, ივანიშვილის პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. დოკუმენტის მიხედვით, ერთიანი საინფორმაციო ბაზა 2026 წლის 1 მარტამდე უნდა შეიქმნას. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებები სხვადასხვა ლიცენზიებისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გაცემას უკავშირდება და მიზნად საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს.  

მსგავსი სიახლეები