რის სანაცვლოდ დათმო თსუ-მ ქონება
ქეთევან წამებულის 55 ნომერში მდებარე შენობა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრება აღარ არის. ავლაბარში, სამ სართულიან შენობას უკვე განათლების სამინისტრო განკარგავს.
თსუ-ს მე-7 კორპუსი ახლა ინვენტარისგან იცლება - ობიექტი ჯაბა სამუშიამ გააჩუქა.
- დოკუმენტში, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, ჩანს, რომ 18 ნოემბერს 8 ათას 385 კვადრატული მეტრი ტერიტორია თსუ-ს განკარგულებაში იყო, 2025 წლის 19 ნოემბერს კი საჯარო რეესტრში მესაკუთრე იცვლება და სახელმწიფო ხდება.
- კორპუსის გადაცემამდე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სენატის თანხმობა მიიღო. ქონება - მიწა და შენობა სახელმწიფოს გადასცეს, მაგრამ ერთი პირობით: სანაცვლოდ "ოცნების" მთავრობამ თსუ-ს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი და ახალი სასწავლო კორპუსი უნდა აუშენოს.
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმით, რომელიც "შაბათის ეთერს" უნივერსიტეტიდან მიაწოდეს, ირკვევა, რომ საბჭოს წევრებიდან 7 წინააღმდეგი იყო უნივერსიტეტს მისი ქონება დაეთმო. ისინი ითხოვდნენ, დოკუმენტურად გაეწერათ ვადები და პირობები.
„შაბათის ეთერს“ უნივერსიტეტიდან უყვებიან, რომ წინასწარ იციან, ვინ უნდა შეიძინოს სახელმწიფო სასწავლებლის შენობა.
- სენატის სხდომის ოქმში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო წამებულის ქუჩაზე მდებარე შენობას სეუ-ს გადასცემს. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დამფუძნებელი "ქართული ოცნების" შემომწირველი და მხარდამჭერი გია კავთელიშვილია. სწორედ მას ადანაშაულებდნენ პროტესტში მონაწილე რეპრესიებში.
- სეუ-ს მხოლოდ უნივერსიტეტი არ არის. გია კავთელიშვილი ამ ბრენდის ქვეშ ფლობს სამშენებლო კომპანია "სეუ დეველოპმეტს" და კორპუსებს აშენებს. აქ გია კავეთელიშვილს 25 % წილი აქვს.
ცნობისთვის, უნივერსიტეტის ქონება გაყიდეს 2022 წელს ბაგებშიც - წყნეთის ტყის ზონაში.
- 40 ათას 500 კვადრატული მეტრი ტერიტორია, მაშინაც "ქართული ოცნების" სპონსორი ბიზნესმენის, გია კავთელიშვილის სეუ-მ შეიძინა. დოკუმენტის თანახმად, აქ მომავალი წლის ბოლომდე ბიზნესმენმა კავთელიშვილმა 400 სტუდენტზე გათვლილი უმაღლესი სასწავლებლები უნდა ააშენოს. მაშინ უნივერსიტეტის ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით მთავრობამ გაასხვისა, უნივერსიტეტს ამ გარიგებიდან, 8 მილიონ 900 ათასი ლარი ერგო, მთავრობას 3 მილიონ 700 ათასი ლარი.
- ბაგებში უნივერსიტეტის 40 ათას ხუთასი კვადრატული მეტრი სეუ-ს იმ პირობით გადასცეს, რომ 400 სტუდენტზე გათვლილ სასწავლებელს აქ 2026 წლის ბოლომდე ააშენებდა და 12 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებდა. ვადა ერთ წელში იწურება, თუმაა აქ მშენებლობა ჯერ არ დაუწყიათ.