ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი გადაიდო - რა ფიქრობს ექს-პრემიერი და რას ეძებს პროკურატურა
"პირველების" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის ხვალ ჩანიშნული პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო.
როგორც ექსპრემიერის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი "პირველებს" ეუბნება, პროცესის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ საკუთარი ინიციატივით მიმართა.
გახანგრძლივდა ვადა 12 თებერვლამდე. გამოძიების ინიციატივით. პროკურატურამ მიმართა შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს და მოითხოვა გარკვეული საგამოძიებო მოქმედბების ჩატარების მიზნით დამატებითი დროის გამოყოფა. მინდა გითხრათ, რომ საპროცესო ნორმით რეგულირდება ეს საკითხი და ამის უფლება ბრალდების მხარეს აქვს და სასამართლოდ შეუძლია გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში დააკმაყოფილოს ასეთი შუამდგომლობა", - ამბობს ამირან გიგუაშვილი.
ეძებს თუ არა პროკურატურა დამატებით მტკიცებულებებს? - ღარიბაშვილის ადვოკატის თქმით, ბრალდებსი მხარეს სავარაუდოდ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად დამატებითი დრო ესაჭიროება და ამიტომაც მოითხოვა ხვალ ჩანიშნული პროცესის ჩატარება.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას, ამირან გიგუაშვილის თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ ის ბრალს ეთანხება. რაც შეეხება პროცესისი გადადებას, ადვოკატი ამბობს, რომ ექს-პრემიერი ამ საკითხში "სიღრმისეულად არ შედის".
ველოდებით, რა მტკიცებულებები დაიდება საბოლოოდ - აცხადებს უფლებადამცველი.
ბრალის წარდგენისათვის არსებული მტკიცებულებები საქმეში არსებობდა და ამის საფუძელზე წარედგინა ბრალდება, მაგრამ შემდგომი ეტაპი ეს არის უკვე გამოძიების ეტაპი, როდესაც განაჩენი უნდა დადგეს, ამიტომ, როგორც ჩანს პროკურატურამ მიიჩნია, რომ დამატებითი დრო ესაჭიროებოდა კიდევ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. ჩვენ ვერ შევალთ ამ კომპეტენციაში, ვნახოთ რა მტკიცებულებებს მოიპოვებს და წარმოადგენს. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ეთანხმება ბრალს, როგორც ეს საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამიტომ, ჩვენ ბრალდების მხარის ამ ნაწილში, რომ გააგრძელებს ვადას, დანიშნავს გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებას თუ სხვა რაიმე პროცესუალურ ღონისძიებას გამოიყენებს, არ შევდივართ სიღრმისეულად და ველოდოებით, რა მტკიცებულებები დაიდება საბოლოოდ", - ამბობს გიგუაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ექსპრემიერს ერთმილიონიანი გირაო აქვს შეფარდებული.