ჯარის ძარცვის საქმე - მივა თუ რა საკუთარ სასამართლოზე პროკურატურის ოქროს მოწმე
ჯარის ძარცვის საქმე - დღეს საქალაქოში წინასასამართლო სხდომაა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ, შემდეგ კი მოსამართლე იტყვის, გადასცემს თუ არა საქმეს არსებითად განსახილველად.
საკუთარ სასამართლო სხდომას დაესწრება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე.
ელიტური კორუფციის საქმე ერთ წარმოებად გააერთიანეს და სხდომას სავარაუდოდ დაესწრებიან აღნიშნული საქმის ფარგლებში სხვა ბრალდებული პირებიც - მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე.
თუმცა მივა თუ არა სასამართლოზე შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური, რომელიც 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა, ეს ჯერ უცნობია. ის წინა პროცესს არ ესწრებოდა. ღუდუშაური პროკურატურის ოქროს მოწმეა, რადგან სწორედ მან მისცა ჩვენება თავდაცვის ექს მინისტრის წინააღდმეგ.
ბურჭულაძეს ჯარის ძარცვაში ედება ბრალი. გამოძიების მასალებით, მასთან მიდიოდა წილი ტენდერებიდან. ამ საქმეში არის ერთი მნიშველოვანი გარემოება. ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე ამტკიცებს, რომ ბურჭულაძეს ქრთამს შუამავლის საშუალებით ღარიბაშვილთან შეთანხმებით უგზავნიდა. ტუკვაძე ჩვენებაში პირდაპირ წერს, რომ მაშინდელ პრემიერთან იყო შეთანხმებული ჯარის ფულის მოპარვა.
- ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.