"ძირითადი არგუმენტი მომისპეს" - რა დოკუმენტის დართვას ითხოვს საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე ითხოვს, საქმეს მტკიცებულებად დაერთოს ფინანსური დოკუმენტი, რაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, დაამტკიცებს, რომ მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არ მოუხდენია.
როგორც ყოფილმა მაღალჩნოსანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, დოკუმენტის საქმეზე არ დართვა იგივეა, რომ ძირითადი არგუმენტი მოუსპო ბრალდებულს.
ბრალი რაც მაქვს წარდგენილი, ამის დასაბუთება რომ არ წარმოვადგინო, ყველანაირ სამართალს ცდება - თქვა სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა ყოფილმა მინისტრმა.
ვინაიდან ჩემი ბრალდება არის ლეგალიზაციაზე, დავეთანხმები დაცვის მხარეს , რომ არ შეიძლება მიუღებლად ჩავთვალოთ (დოკუმენტი), რომელიც წარმოადგენს ჩემი ფინანსური მონაცემების დასაბუთებას. ეს იგივეა, ძირითადი არგუმენტი მოუსპო ბრალდებულს, როდესაც ბრალდებამ მინიმუმ ერთი თვე მოანდომა იმას, რომ ეანგარიშა, რას მედავებოდა. ძირითადი ბრალი, რაც მაქვს წარდგენილი და ამის დასაბუთება რომ არ წარმოვადგინო, ყველანაირ სამართალს ცდება".- განაცხადა ბურჭულაძემ სხდომაზე.
დღევანდელ პროცესზე ბურჭულაძის ადვოკატმა მოწმის გვარად კაჭკაჭიშვილის გამოკითხვა მოითხოვა. უფლებადამცველის თქმით, სწორედ კაჭკაჭიშვილს შეუძლია მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაციამ რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ბანკიდან თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით გაიტანა
მოსამართლე ლევან გელოვანმა დაცვის მხარეს მიუთითა, რომ კონკრეტული მოწმე 5 დღით ადრე უნდა გამოეკითხათ და თქვა, რომ კაჭკაჭიშვილის სასამართლოს წინაშე დაკითხვა, პროცედურის დარღვევაა. მოსამართლის ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, რის შემდეგადაც შესვენება გამოცხადდა.
- ბურჭულაძეს ჯარის ძარცვაში ედება ბრალი. გამოძიების მასალებით, მასთან მიდიოდა წილი ტენდერებიდან. ამ საქმეში არის ერთი მნიშველოვანი გარემოება. ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე ამტკიცებს, რომ ბურჭულაძეს ქრთამს შუამავლის საშუალებით ღარიბაშვილთან შეთანხმებით უგზავნიდა. ტუკვაძე ჩვენებაში პირდაპირ წერს, რომ მაშინდელ პრემიერთან იყო შეთანხმებული ჯარის ფულის მოპარვა.
- ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.