ბლეიზ მეტრეველი პუტინს აფრთხილებს
Times-ის ცნობით, 15 დეკემბერს გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის (SIS) ახალმა ხელმძღვანელმა, ბლეიზ მეტრეველმა, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველ საჯარო გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ საფრთხეებზე.
გამოცემის ინფორმაციით, მეტრეველი მიუთითებს, რომ დეზინფორმაციის კამპანიების, საბოტაჟისა და კიბერთავდასხმების ფონზე თანამედროვე კონფლიქტებში „ფრონტის ხაზები ყველგან გადის“. მისი შეფასებით, რუსეთი მოქმედებს როგორც აგრესიული და რევიზიონისტული ძალა, რომელიც საერთაშორისო წესრიგს სისტემურად უქმნის გამოწვევას.
SIS-ის პირველი ქალი ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა ურყევია და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ზეწოლა გაგრძელდება. მისი თქმით, რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ქაოსის გავრცელება სტრატეგიის ნაწილია და ეს ტენდენცია მანამ არ შეწყდება, ვიდრე კრემლი იძულებული არ გახდება, საკუთარი მიდგომები გადააფასოს.
პუტინს ეჭვიც არ უნდა შეეპაროს, ჩვენი მხარდაჭერა მტკიცეა. წნეხი, რომელსაც ჩვენ უკრაინის გამო ვახდენთ, შენარჩუნდება, - თქვა მან.
Times-ის ინფორმაციით, მეტრეველი ასევე აღნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფო ახალი, გაურკვეველი ეტაპის წინაშე დგას, მაშინ როცა რუსეთი და სხვა მტრულად განწყობილი აქტორები საერთაშორისო კონფლიქტების წესების გადახედვას ცდილობენ. მისი განცხადებით, XXI საუკუნის მთავარი გამოწვევა აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური უპირატესობა, არამედ ის, თუ ვინ შეძლებს ამ შესაძლებლობების ყველაზე გონივრულად გამოყენებას, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული გლობალური უსაფრთხოება და სტაბილურობა.