სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს მოწმის გამოკითხვაზე უარი უთხრა

15.12.25 15:05
სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს მოწმის გამოკითხვაზე უარი უთხრა

სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს მოწმის, ნუნუ კაჭკჭიშვილის გამოკითხვაზე უარი უთხრა. კაჭკაჭიშვილი  შპს "ლუქსის" ბუღალტერი იყო - აღნიშნულ კომპანიას ბურჭულაძე წლების წინ ფლობდა. ასევე სასამართლოზე დაუშვებლად ცნეს კაჭკაჭიშვილის ფინანსური დოკუმენტის ირგვლივ გამოკითხვის ოქმი, რომელიც საქმეს არ დაერთვება.

მოსამართლე ლევან გელოვანმა დაცვის მხარეს მიუთითა, რომ კონკრეტული მოწმე 5 დღით ადრე უნდა გამოეკითხათ და თქვა, რომ კაჭკაჭიშვილის სასამართლოს წინაშე დაკითხვა, პროცედურის დარღვევაა. 

"ნაწილობრივ დოკუმენტაცია ცნო დაუშვებლად, ამ დოკუმენტაციის ნაწილი ამოღებულია გამოძიების მიერ. დაუშვებლად ცნო ის ნაწილი, რაზეც მოწმე, რომელიც ამ შპს-ს ბუღალტერი იყო, განმარტებას აძლევდა გადარიცხვა-გადმორიცხვასთან და ა.შ. ინფორმაციას ფლობდა. ამით არსობრივად არაფერი იცვლება. ყველა დოკუმენტაცია, რაზეც მას პასუხის უნდა გაეცა საქმეში დევს და შესაბამისად, 25-დან როცა დაიწყება არსებითი განხილვა, გამოვიკვლევთ ამ დოკუმენტაციას. ის დაადასტურებს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს ჰქონდა შესაბამისი შემოსავლები და ის წარდგენილი ბრალდება არ შეესაბამება რეალობას ", - ამბობს დვოკატი. 

  • ბურჭულაძეს ჯარის ძარცვაში ედება ბრალი. გამოძიების მასალებით, მასთან მიდიოდა წილი ტენდერებიდან. ამ საქმეში არის ერთი მნიშველოვანი გარემოება.  ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე ამტკიცებს, რომ ბურჭულაძეს ქრთამს შუამავლის საშუალებით ღარიბაშვილთან შეთანხმებით უგზავნიდა. ტუკვაძე ჩვენებაში პირდაპირ წერს, რომ მაშინდელ პრემიერთან იყო შეთანხმებული ჯარის ფულის მოპარვა.
  • ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები