ივანიშვილის ფილოსოფოსი ტრამპს "ოლიგარქიული ოჯახების" მოკავშირედ აცხადებს. ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელიც, მისი მოსაზრებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის როლსა და დასავლეთში მიმდინარე პროცესებს ეხება.
შათირიშვილი ამტკიცებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული ბრძოლა „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ მოჩვენებითია, ხოლო რეალურად ამერიკული ადმინისტრაციისა და მისი მოკავშირეების რიტორიკა და ქმედებები ევროკავშირის დასუსტებასა და დაშლის პროცესს ემსახურება.
არის კიდევ ორი მნიშვნელოვანი თემა, რაც აქამდე არ მიხსენებია და რაც პირდაპირ ამხელს ტრამპის სიყალბეს "დიპ სტეიტთან“ (არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან) ბრძოლაში. უფრო მეტიც, პირდაპირ ამხელს, რომ ის ოლიგარქიული ოჯახების მოკავშირეა და მათი დავალებით "რებრენდინგის“ პროცესში მონაწილეობს. კარგად გახსოვთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და შემდგომ რამდენიმე თვე, დონალდ ტრამპი ხმალამოღებული ებრძოდა ლგბტ იდეოლოგიას, იმუქრებოდა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას გააუქმებდა და დაისჯებოდა ყველა, ვინც ცხოვრების ამ გაუკუღმართებული წესის პოპულარიზაციასა და დანერგვაში მონაწილეობდა. ჰოი, საოცრებავ - იცით რამდენიმე დღის წინ რა მოხდა? იცით, რა არ გააშუქა არც ლიბერალურმა და არც კონსერვატიულმა ამერიკულმა მედიამ? რესპუბლიკური პარტიის კვოტით, დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული მოსამართლეებით დაკომპლექტებულმა უზენაესმა სასამართლომ განხილვაშიც კი არ მიიღო ერთნაირსქესიანი პირების ქორწინების გაუქმების სარჩელი [...] [...] მინდა მივმართო აშშ-ს პრეზიდენტს, რომელ "დიპ სტეიტს“ (არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას) ებრძვის? ვის გამოუცხადა ბრძოლა? ბიუროკრატიაში შუა რგოლის მენეჯერებს? ოლიგარქების მიერ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს? წინა პრეზიდენტს? ეს ხომ სასაცილოა. ამას ხომ უკვე პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს. ცალკე ანალიზის თემაა ის მოვლენები, რაც დღეს ევროპის და ევროკავშირის გარშემო ვითარდება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ცინიზმია ის, რა განცხადებებსაც ვისმენთ დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის და მათი მოკავშირეების მხრიდან ევროპის შესახებ. "დემოკრატია აღარ არსებობს“, "ევროპის ეკონომიკა ინგრევა“, „მიგრანტები ანადგურებენ ევროპას“, "ევროკავშირში დიქტატურაა“... გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ეს განცხადებები გააკეთეს დონალდ ტრამპმა, ილონ მასკმა, ჯეი დი ვენსმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა. საკამათო არცერთი მოსაზრება არ არის, მაგრამ მთავარ კითხვას ყველა გაურბის - ვინ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე ევროკავშირი? მიიყვანა სწორედ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, რომლის ხელდასმით, აგენტურული მთავრობები მინიმუმ 17 წელია მიზანმიმართულად ანგრევენ ევროპას და მის ეკონომიკას [...] საბოლოოდ, ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების, გერმანიის, საფრანგეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკაზე არიან მთლიანად დამოკიდებულნი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. სწორედ ოლიგარქების დავალებით, ევროკავშირის დასაშლელად მოქმედებს დღეს "დიპ სტეიტის“ მიერ მართული აშშ-ის ადმინისტრაცია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის მძაფრი რიტორიკა, ევროკავშირში არსებული მანკიერებების ზედაპირზე ღიად გამოტანა" - წერს შათირიშვილი.