ჯარის ძარცვის საქმე - სად არის ვლადიმერ ღუდუშაური?
სად არის და რატომ არ ესწრება ვლადიმერ ღუდუშაური პროცესებს - შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ადვოკატი ამბობს, რომ ღუდუშაური საქართველოში იმყოფება და მომდევნო პროცესებს სავარაუდოდ დაესწრება.
ჯარის ძარცვის საქმეზე ბრალდებული შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, რომელიც 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა, უკვე მეორე სასამართლო პროცესს არ დაესწრო. ღუდუშაური პროკურატურის ოქროს მოწმეა, რადგან სწორედ მან მისცა ჩვენება თავდაცვის ექს მინისტრის წინააღდმეგ.
უფლებადამცველი ადასტურებს, რომ ღუდუშაურის ჩვენება მართლაც დევს საქმეში, ოღონდ ირწმუნება, რომ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გამოძიებასთან მხოლოდ მის ბრალთან დაკავშირებით ისაუბრა.
რა თქმა უნდა, ის საქართველოშია, უბრალოდ 8-ში იყო წინასასამრთლო სხდომა ჩანიშნული, რომელიც გადაიდო დღევანდელი დღისთვის, მას განცხადება ჰქონდა დაწერილი და ეს ბრალდებულის უფლებაა, რომ მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარდეს და არ დაესწროს. არ განიხილებოდა ისეთი საკითხები, რომ ან ვინმე მოწმე დაკითხულიყო ან საქმის მასალები გამოკვლეულიყო. სავარაუდოდ, შემდეგ მოვა.
ვინმეს წინააღმდეგ აქვს თუ არა ჩვენება, ამის შინაარსობრივ დეტალებში მე ვერ შევალ, გითხარით წინაზეც, იქიდან გამომდინარე, რომ გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი. მან მისცა ჩვენება, ამას გიდასტურებთ, ოღონდ მისცა ჩვენება იმ დეტალებთან დაკავშირებით, რაც შეეხებოდა მის ბრალდებას და საქმეს", - განაცხადა ადვოკატმა.
- ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.