ვისი დაჭერა გადაიფიქრეს და რა ბედი ელის ღარიბაშვილს?
ერთ დროს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოვებული გიორგი მუხიგულაშვილი "პირველებთან" იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ივანიშვილი ლილუაშვილის საბრალდებო სკამზე დასმას ვერ ბედავს. დღემდე ემიგრაციაში მყოფი გიორგი მუხიგულაშვილი "ოცნების" გავლენიან ფიგურებთან კავშირს ინარჩუნებს, ის ამტკიცებს, რომ სახლში ჩატარებული ჩხრეკის მიუხედავად, გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებას გადაურჩა, რადგან ივანიშვილს იმ კომპრომატების გამოქვეყნების ეშინია, რომელსაც სუს-ის ექს-შეფი წლები აგროვებდა.
ლილუაშვილივით არ გაუმართლა ღარიბაშვილს. საბრალდებო სკამს ის აცდა, თუმცა ახლა საინტერესოა მხოლოდ ერთ ბრალზე შეჩერდება თუ არა ივანიშვილს დამორჩილებული პროკურატურა. "პირველებმა" დღეს გაარკვია, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ პროკურატურა მტკიცებულებებს ეძებს. მთავარ საგამოძიებო უწყებას 2 თვე ექს-პრემიერის წინააღმდეგ მამხილებელი დოკუმენტების მოსაძებნად არ ეყო და კიდევ 2 თვე ითხოვა.
ექს-პრემიერი ხვალ განსასჯელის სკამზე მეორედ უნდა დამჯდარიყო, თუმცა პროცესი გადაიდო. სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით გვარაკიძის უწყებამ თავად მიმართა. ადვოკატების ინფორმაციით, ახლა პროკურატურა კომერციული ბანკებიდან ამონაწერებს ელოდება.
რას ეძებს ივანიშვილის გუნდი მათი ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ ჯერ უცნობია, თუმცა გიორგი მუხიგულაშვილი დარწმუნებულია რომ ღარიბაშვილის რეპუტაციის გაცამტვერება ივანიშვილის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, რომ ღარიბაშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდეს.