ამზადებს თუ არა "ოცნება" საკნებს მრავალი წლით ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის? - რა ხდებოდა გახმაურებული საქმეების პროცესებზე

15.12.25 20:12
ამზადებს თუ არა "ოცნება" საკნებს მრავალი წლით ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის? - რა ხდებოდა გახმაურებული საქმეების პროცესებზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დღეს მოსამართლეს და ბრალდების მხარეს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მტკიცებულებების საქმეში დამატებაზე უარი უთხრეს. ჯუანშერ ბურჭულაძე ამტკიცებს, რომ მას დიდი ფული ჯარისთვის არ მოუპარავს და მილიონები წლების წინ იშოვა. ბურჭულაძეს ამის დასადასტურებლად საქმეში ფინანსური დოკუმენტების ჩადება და მისი ყოფილი ბუღალტრის დაკითხვა უნდოდა რაზეც უარი უთხრეს. 

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატს ალტერნატიული ფინანსური ექსპერტიზის უფლება მისცეს, თუმცა შპს ლუქსის ყოფილი ბუღალტერი სასამართლოს ჩვენებას ვერ მისცემს. მოსამართლე გელოვანმა, კაჭკაჭაშვილის გამოკითხვის ოქმის საქმეზე დართვაზეც კი უარი თქვა - მიზეზად საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს პროცედურული დარღვევები დასახელდა.

ჯარის ძარცვის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. ეს ნიშნავს იმას, რომ შემდგომი პროცესებიდან ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს. უცნობია ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს თუ არა, გირაოთი თავისუფლებაზე მყოფი ვლადიმერ ღუდუშაური, რომელიც შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და ციხიდან მხოლოდ ბურჭულაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის შემდეგ გამოუშვეს.

ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესები დღეს ერთმანეთის მიყოლებით მიდიოდა. სუს-ის გამომძიებლები მიიყვანეს დასაკითხად რომეო მუქაუტაძის პროცესზე. დღეს გაირკვა რომ ეკონომიკის მინისტრის ექს მოადგილეს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ესპანეთში ბინადრობის უფლებაც ჰქონდა. დოკუმენტი, რომელიც მიქაუტაძეს ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას აძლევს, გამომძიებლებმა მისი ბინის ჩხრეკის დროს იპოვეს. 

დღეს გაირკვა ისიც, როგორ მართავდა რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პარალელურად ბიზნეს. პროკურორმა სასამართლო პროცესზე წერილობითი მტკიცებულებების სახით, სხვადასხვა ჩატიდან მიქაუტაძის და სხვა ბიზნესმენების მიმოწერები ამოიკითხა, და თქვა, რომ წლების განმავლობაში, მათ შორის "თბილსერვისში" და ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის დროს, მიქაუტაძე უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა.

დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის სიუჟეტში

მსგავსი სიახლეები