მადლიერების გზავნილები კრემლიდან - კობახიძეს პუტინთან ერთ მაგიდასთან ჯდომა დაუფასეს?!
მოსკოვში „ჯანსაღი პრაგმატიზმის დემონსტრირებად“ აღიქვეს ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ვლადიმირ პუტინთან ერთად ერთ საერთაშორისო სამიტში და მათ შორის ერთ მაგიდასთან ჯდომა. ამის ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთისგან მორიგი საჯარო ქება მიიღო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად არის და დადებითად აფასებს თბილისის „მრავალვექტორულ და პრაგმატულ პოლიტიკას“.
ინტერვიუში რუსი დიპლომატი ღიად საუბრობს რეგიონულ კონკურენციაზეც და აღნიშნავს, რომ საქართველო ცდილობს, რუსეთის გავლენა შეასუსტოს სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების კონტექსტში. ამავე დროს, მოსკოვიდან ხაზგასმით მიანიშნებენ, რომ არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსი რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხდება.
რუსი დიპლომატის განცხადება ერთ დღეში იქცა რუსული მედიის მთავარ თემად, რომლის საინფორმაციო დღის წესრიგსაც კრემლი განსაზღვრავს.
ამ ფონზე ჩნდება კითხვა: იწყება თუ არა მზადება საქართველოსა და რუსეთის შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად. მზადყოფნას ამ მიმართულებით თავად „ქართული ოცნებაც“ გამოთქვამს, თუმცა კონკრეტულ პირობებზე საუბარი კვლავ გაურკვეველია.
დღეს რუსეთის გზავნილებს მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელმაც განცხადებაში საქართველოს მტერსა და მოკავშირეს შორის პრაქტიკულად ტოლობის ნიშანი დასვა - პოზიცია, რომელმაც საზოგადოებაში დამატებითი კითხვები და კრიტიკა გამოიწვია.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.