არჩევნები დასრულდა - "ოცნება" ე.წ უბნის მაყურებლებს ციხით ემუქრება
„ქართულმა ოცნებამ“ დღეს უბნის ე.წ. „მაყურებლების“ წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება დააანონსა. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლებიც სასჯელს ამკაცრებს იმ სრულწლოვნებისთვის, რომლებიც დანაშაულს 14 წლამდე არასრულწლოვნებთან ერთად ჩაიდენენ ან მოზარდებს კანონის დარღვევისკენ უბიძგებენ.
ივანიშვილის პარტიამ ფაქტობრივად აღიარა, რომ არაერთი საკანონმდებლო გამკაცრების მიუხედავად, არასრულწლოვანთა დანაშაულის უკან მდგომი სრულწლოვანი პირები კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩებიან. საუბარია იმ ჯგუფებზე, რომლებიც, საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციით, მოზარდებს ქურდობასა და ძარცვაში იყენებენ, მიღებული სარგებლის ნაწილი კი თავად იღებენ.
"ოცნების" გუნდის ლიდერების განცხადებებით ირკვევა, რომ სწორედ ასეთი ქსელების არსებობა წარმოადგენს მთავარ გამოწვევას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში უარყოფდა ორგანიზებული ბანდების არსებობას, რომლებიც არასრულწლოვნებს დანაშაულებრივ საქმიანობაში იყენებენ.
ოპოზიციისა და კრიტიკოსების შეფასებით, „ქართული ოცნება“ იმ ადამიანებზე საუბრობს, რომლებიც სხვადასხვა წყაროს მიხედვით, განსაკუთრებით აქტიურდებიან საარჩევნო პერიოდებში და ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობენ. მათი თქმით, წლების განმავლობაში იგნორირებული პრობლემა ახლა თავად ივანიშვილის პარტიას დაუბრუნდა.
დღესვე პარლამენტის ტრიბუნიდან იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსამართლეებს მკაცრი სასჯელების გამოყენებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულში ჩართული სრულწლოვნების მიმართ მეტი სიმკაცრე იქნება საჭირო.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.