რისთვის დასაჯეს მამა დოროთე და ვინ გამოიტანა მის წინააღმდეგ ვერდიქტი?

16.12.25 20:49
რისთვის დასაჯეს მამა დოროთე და ვინ გამოიტანა მის წინააღმდეგ ვერდიქტი?

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მას მღვდელმოქმედება შეუჩერდა, მოულოდნელი და დაუსაბუთებელია. მისი თქმით, საკითხის განხილვა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა დათქმულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე შეატყობინეს, რომ იგი მღვდელი აღარ არის.

სასულიერო პირისთვის გადაცემულ ბრძანებაში არ არის განმარტებული სანქციის მიზეზი. დოკუმენტს არ ახლავს პატრიარქის ხელმოწერა და მასზე მხოლოდ ფაქსიმილია დატანილი, რის გამოც არქიმანდრიტი ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა თავად პატრიარქის მიერ მიღებული არ იყოს.

დოროთე ყურაშვილის შეფასებით, მისი დასჯა შესაძლოა უკავშირდებოდეს საჯარო განცხადებებს, რომლებიც მან ბოლო პერიოდში გააკეთა. კერძოდ, იგი არ გამორიცხავს, რომ სანქციის მიზეზი ყოფილიყო ხალხის შესაძლო მოწამვლის სკანდალთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნა.

ამასთან, ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზეც, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, რომლებიც აქციების ჩატარებას მკაცრ შეზღუდვებს უწესებს, არქიმანდრიტმა რუსთაველის გამზირზე ყოველდღიური პარაკლისი დააანონსა. პარაკლისი ფორმალურად არ საჭიროებს პოლიციის ნებართვას, თუმცა მოქალაქეებს შეკრების შესაძლებლობას აძლევს.

სწორედ ამ გარემოებების ფონზე ჩნდება კითხვა - რა გახდა რეალური მიზეზი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მღვდელმოქმედების შეჩერებისა, როცა გადაწყვეტილებაში ამის ოფიციალური განმარტება არ არსებობს.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები